200-მდე დასახელების მედიკამენტი, შესაძლოა, გაიაფდეს

ჯანდაცვის სამინისტრო უახლოესი თვეების განმავლობაში ე.წ. სოციალური წამლის პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც, სულ მცირე 200 დასახელების პირველადი მოხმარების მედიკამენტზე ფასები შემცირდება.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის სხდომაზე წამლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

"გარკვეულ, დაახლოებით 450 დასახელების მედიკამენტზე, ფასების ზრდამ 15%-20% შეადგინა. ორმა ფარმაკოლოგიურმა კომპანიამ ძალიან კარგი სოციალური სოლიდარობის პროექტი გააკეთა, როცა რამდენიმე ათეულ მედიკამენტზე ფასი დაწია. მეორე მხრივ, ვადასტურებ, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში ე.წ. სოციალური წამლის პროექტი განხორციელდება, როდესაც მინიმუმ 200 დასახელების პირველადი მოხმარების მედიკამენტზე ფასები შემცირდება", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.