მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები სახელმწიფოსგან ერთჯერადად 1000- ლარიან დახმარებას მიიღებენ

ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, სახელმწიფოსგან 1000-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

როგორც ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა განუცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

"პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით ჩვენს ვეტერანებს მიეცემათ 1000-ლარიანი დახმარება. საქართველოში დღეისთვის გვყავს ომის 1800 მონაწილე და 500 მოქალაქე, რომელსაც მარჩენალ-დაკარგულის სტატუსი აქვს. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ამ კონკრეტული ინიციატივისთვის 2 მილიონ ლარამდე თანხას გამოყოფს. როგორც ცნობილია, შარშან ომის ვეტერანებისთვის 400 ლარი გამოვყავით, მარჩენალდაკარგულებისთვის კი - 200 ლარი, მაშინ, როდესაც წინა წლებში ომში მონაწილეებს მხოლოდ 200-ლარიანი დახმარება ეძლეოდათ. თქვენ შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რამდენად დიდია განსხვავება და რამდენად ვაფასებთ მათ წვლილს ამ დიდ გამარჯვებაში. რა თქმა უნდა, ამით მათი ყველა პრობლემა ვერ მოგვარდება, მაგრამ ვფიქრობთ, მიეცემათ შესაძლებლობა, ფაშიზზმე გამარჯვების 70 წლისთავს ღირსეულად შეხვდნენ", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.