"როიტერი" : Gilead Sciences-ი С ჰეპატიტის აღმოსაფხვრელად, საქართველოს უფასო მედიკამენტებით მკურნალობის პროგრამის საცდელ ქვეყნად გამოიყენებს

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Gilead Sciences-ი ცდილობს, დაარწმუნოს მსოფლიო მთავრობები და სააგენტოები, რომ შესაძლებელია C ჰეპატიტის აღმოფხვრა საქართველოში სადემონსტრაციო პროექტით, რომლის ფარგლებშიც უფასო პრეპარატებს შესთავაზებს მათ, ვისაც ეს სჭირდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.  "როიტერის" ცნობით, უპრეცედენტო პროგრამით კავკასიის რეგიონის ეს ქვეყანა გახდება საცდელი ადგილი დაავადების აღმოფხვრისთვის, კომპანია გამოიყენებს ეფექტურ, თუმცა ძვირადღირებულ აბებს - "სოვალდის" და შედარებით ახალ პრეპარატ "ჰარვონის".

როგორც "როიტერი" იუწყება, საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა, ეგვიპტისა და მონღოლეთის შემდეგ, C ჰეპატიტით დაავადებულთა რიცხვის მიხედვით. ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველო მეცნიერული სწავლების შესანიშნავი ადგილია.

"ეს ძალიან კარგი ქვეყანაა ჩვენთვის შეფასების გაკეთებისთვის. ჩვენ გამოვიყენებთ საქართველოში მიღებულ მონაცემებს სხვა ქვეყნებში მსოფლიოს მასშტაბით, რათა ნათელი გახდეს საქმით, რომ ინვესტიციას შეუძლია დაავადება დროთა განმავლობაში ფუნდამენტურად შეცვალოს", - განაცხადა ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელმა, გრეგ ალტონმა.

დაგეგმილია, რომ 2015 წლის განმავლობაში პირველ ეტაპზე 5000 პაციენტს მიეწოდება ახალი მედიკამენტი, ხოლო პროგრამის შემდეგი ეტაპი 20 000 პაციენტს მოიცავს. Gilead Sciences-ის მიერ შექმნილ მედიკამენტს "C ჰეპატიტის" განკურნება შეუძლია, თუმცა ღარიბი ქვეყნის მოსახლეობისათვის ფასის გამო ხელმიუწვდომელია. ერთი აბი "სოვალდი" აშშ-ში 1 000 დოლარი ღირს. თუმცა, ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის ერთი ბოთლის (28 აბის) ფასი 300 დოლარამდე შეამცირა.