”დოიჩე ბანკი” რეკორდულ ჯარიმას - 2,5 მილიარდ დოლარს გადაიხდის

აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის რეგულატორები გერმანულ ბანკს ბანკთაშორისი დაკრედიტების განაკვეთით - Libori მანიპულირებაში ადანაშაულებენ.

“ბიბისის” ინფორმაციით, გერმანული ბანკი 2,1 მილიარდ დოლარს გადაუხდის ამერიკელ რეგულატორებს, რომელთა შორის არის აშშ-ის იუსტიციის სამინისტროც. 227 მილიონ ფუნტს კი ბრიტანელი რეგულატორები მიიღებენ.

”რამდენიმე წლის განმავლობაში ”დოიჩე ბანკის” თანამშრომლები მთელ მსოფლიოში უკანონოდ მანიპულირებდნენ საპროცენტო განაკვეთით, მათ შორის  LIBOR-ით დოლარში, იენში, შვეიცარულ ფრანკში და ფუნტში, ასევე Euribor-ით”, - განაცხადა აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილე ბადი კალდველმა.

მისივე თქმით, ”დოიჩე ბანკი” უკვე მეექვსე ბანკია, რომელმაც ამ ფართობასშტაბიანი გამოძიების ფარგლებში დანაშაული აღიარა.

ბანკთაშორისი დაკრედიტების განაკვეთით - Libori მანიპულირებასთან დაკავშირებული სკანდალი 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის პერიოდში დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ 2005-დან 2010 წლამდე რამდენიმე ბანკის ტრეიდერები ცრუ ინფორმაციას გასცემდნენ განაკვეთებზე, რაც საბოლოო ჯამში, ბანკთაშორისი დაკრედიტების დაბალი საპროცენტო განაკვეთის შენარჩუნების შესაძლებლობას იძლეოდა. მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე ბანკი საერთო ჯამში, 3 მილიარდი დოლარით დაჯარიმდა. სკანდალში გაეხვდნენ ისეთი მსხვილი ბანკები, როგორებიც Barclays, HSBC, JPMorgan არიან.