იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე დევნილი ოჯახებისთვის განაცხადების მიღება 15 მაისამდე გაგრძელდება

დევნილი ოჯახებისათვის იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე განაცხადების მიღება 2015 წლის 1-ელი მაისის ნაცვლად, 15 მაისამდე გაგრძელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებსაც 2015 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ საცხოვრებელი სახლი/ბინა და აღნიშნული წარმოადგენს ოჯახის ერთადერთ ფაქტიურ საცხოვრებელს.

იპოთეკური სესხის დაფარვისათვის, ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე არის არაუმეტეს 20 000 ლარი. დევნილი ოჯახების შერჩევა, რომლებსაც სამინისტრო იპოთეკურ სესხს დაუფარავს, N320 ბრძანების შესაბამისად, სოციალური კრიტერიუმების მიხედვით მოხდება.

იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე მიღებულ განაცხადს თან უნდა ერთვოდეს:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება;

ბ) იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესაბამისი საფინანსო დაწესებულებიდან უფლებამოსილი პირის დამოწმებით გაცემული ამონაწერი გადახდილი და გადასახდელი თანხის ოდენობის თაობაზე;

გ) სსიპ "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს" ამონაწერი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების განმცხადებლის საკუთრებაში რეგისტრაციის თაობაზე, რომელშიც ასახული უნდა იყოს იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იპოთეკის ვალდებულება.

განაცხადები მიიღება შემდეგ მისამართებზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას ქ. N16; ზუგდიდი, რუსთაველის ქ. N87; ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზ. N27; რუსთავი, ვახუშტის ქ. N8; გორი, შმაგის ქ. N1.