მოკრძალებული და თავმდაბალი მილიარდერები

წარმოგიდგენთ მილიარდერების რეიტინგს, რომლებიც უარს ამბობენ კერძო თვითმფრინავებზე, იახტებზე, ფეშენებელურ აპარტამენტებსა და ძვირადღირებულ მანქანებზე

ერთ-ერთი პოპულარული ბიზნეს-თეორიის თანახმად, ვერასოდეს მიაღწევთ წარმატებას, თუ მხოლოდ ფულისთვის მუშაობთ.

მსოფლიოში უამრავი მდიდარი ადამიანია, რომლებიც ქონების დაგროვების შემდეგ უარს არ ამბობენ მდიდრულ აპარტამენტებზე, საკუთარ კუნძულებზე, იახტებსა და თვითმფრინავებზე. თუმცა, არიან მილიარდერები, რომლებიც გამდიდრების შემდეგაც ისე ცხოვრობენ, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები და ბოლომდე სამუშაოში არიან ჩაფლული.

წარმოგიდგენთ მილიარდერების რეიტინგს, რომლებიც უარს ამბობენ კერძო თვითმფრინავებზე, იახტებზე, ფეშენებელურ აპარტამენტებსა და ძვირადღირებულ მანქანებზე.

დევიდ ჩერიტონი

სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ ჩერიტონი ლექციებისგან თავისუფალ დროს, საინტერესო ტექნოლოგიური სტარტაპების ძიებითა და ინვესტირებით არის დაკავებული. ამერიკელმა პროფესორმა ცხოვრების მთავარი ინვესტიცია გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს განახორციელა, როცა თავის სტუდენტებს 100 ათასი დოლარი ასესხა კომპანია ”გუგლის” განვითარების მიზნით. ამ გარიგებამ დევიდ ჩერიტონს 1 მილიარდ დოლარზე მეტი მოუტანა. დღეს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორის ქონება 2,8 მილიარდ დოლარს შეადგენს, თუმცა ის იმავე სახლში ცხოვრობს, სადაც 30 წლის წინ ცხოვრობდა და არც ძვირადღირებული, ბოლო მოდელის მანქანით სარგებლობს.

ინგვარ კამპრადი

89 წლის შვედი ბიზნესმენი, საქვეყნოდ ცნობილი ავეჯის მაღაზიათა ქსელის IKEA-ს დამფუძნებელი დღემდე დაუღალავად შრომობს. პირველი შემოსავალი ინგვარ კამპრადმა ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში იშოვა, როდესაც სტოკჰოლმში ნაყიდ ასანთს, საშობაო მოსართავებს, ფანქრებსა და ბურთულიან კალმებს მშობლიურ ქალაქში ჰყიდდა. 17 წლისამ კი IKEA დააფუძნა. დღეს შვედი ბიზნესმენის ქონება 3,3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, თუმცა ინგვარ კამპრადს არასდროს დაუხარჯავს ფული მდიდრულ რესტორნებში და ყოველთვის ეკონომკლასით მგზავრობს. დღემდე 89 წლის ბიზნესმენი ძველი ”ვოლვოთი” გადაადგილდება.

ჩაკ ფინი

Duty Free-ის დამაარსებელი, 84 წლის ამერიკელი მილიარდერი ჩაკ ფინი დღემდე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მისი ქონება 2 მილიონ დოლარს შეადგენს, თუმცა ბოლო 30 წლის განმავლობაში ქველმოქმედებისთვის 7,5 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღო ისე, რომ 15 წლის განმავლობაში მისი ქველმოქმედების შესახებ არავინ იცოდა. ამერიკელ მილიარდერს არ აქვს საკუთარი სახლი, არ ჰყავს საკუთარი მანქანა, ხშირად მგზავრობს მეტროთი, ზოგჯერ ტაქსითაც, არასდროს მჯდარა ბიზნეს კლასში, მდიდრულ და ელიტრულ რესტორნებს პატარა, მყუდრო საკვებ ობიექტებს ამჯობინებს, მის გარდერობში არ მოიძებნება არცერთი ცნობილი დიზაინერის სამოსი, მისი საყვარელი მაჯის საათი კი არც მეტი, არც ნაკლები 15 დოლარი ღირს.

აზიმ პრემიჯი

ქველმოქმედებითა და ცხოვრების მოკრძალებული წესით არის ცნობილი ინდოელი ბიზნესმენი აზიმ პრემიჯი. ინდოელმა მილიარდერმა ქონება ტრანსნაციონალური IT და კონსალტინგური კომპანია Wipro Limited-ით დააგროვა, რომლის აქციების 75%-ის მფლობელია. აზიმ პრემიჯის პირადი აქტივების ღირებულება 17,4 მილიარდ დოლარს შეადგენს. ინდოელი მილიარდერი ბევრი მდიდარი თანამემამულისგან განსხვავებით, მოკრძალებული ცხოვრებით ცხოვრობს - გადაადგილდება 10 წლის ”ჰონდათი”, მგზავრობს ეკონომკლასით და სამშობლოში ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქველმოქმედი.

მარკ ცუკერბერგი

”ფეისბუქის” დამაარსებლის, 30 წლის მარკ ცუკერბერგის ქონება 35,5 მილიარდ დოლარს აჭარბებს. მისი პარტნიორებისა და მეგობრების განცხადებით, ქონებას დიდი გავლენა არ მოუხდენია მარკზე, რომელიც ძირითადად ერთნაირ, ნაცრისფერ სპორტულ მაისურებში დადის და ”აკკურათი” გადაადგილდება. მისი ერთადერთი ძვირადღირებული შენაძენი კალიფორნიაში მდებარე სახლი გახდა, რომელშიც 7 მილიონი დოლარი გადაიხადა.

კრისტი უოლტონი

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალბატონი კრისტი უოლტონი, Wal-Mart-ის ერთ-ერთი მფლობელის, ავიაკატასტროფაში დაღუპული ჯონ უოლტონის მეუღლეა. კრისტის მეუღლისგან მემკვიდრეობით კომპანია და  15,7 მილიარდი დოლარი  ერგო. დღეს მისი ქონება 38,8 მილიარდი დოლარია. ამერიკაში კრისტი უოლტონი ყოველთვის იყო ცნობილი ქველმოქმედებითა და მოკრძალებული ცხოვრებით. . 2006 წელს, კრისტი უოლტონმა, სან-დიეგოში მდებარე, ვიქტორიანული ეპოქისდროინდელი საკუთარი სახლი ქველმოქმედების ადგილობრივ ცენტრს გადასცა, ორგანიზაციის ანგარიშზე კი 4 მილიონი გადარიცხა.საერთო ჯამში, ამერიკის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მეცენატმა, როგორც მას ხშირად უწოდებენ ხოლმე, მხოლოდ 2012 წელს სხვადასხვა საქველმოქმედო ფონებდში 432 მილიონი დოლარი გადარიცხა, რაც მისი მთლიანი ქონების 0,3 პროცენტია.

უორენ ბაფეტი

მე-20 საუკუნის ყველაზე წარმატებული ინვესტორის ქონება 72 მილიარდი დოლარია. უორენ ბაფეტი დღემდე 50 წლის წინ ნაყიდ სახლში ცხოვრობს, არ ჰყავს საკუთარი თვითმფრინავი, იახტა. ფულს არ აძლევს შვილებს, რადგან მიაჩნია, რომ შვილები ფინანსურად დამოუკიდებელი უნდა იყვნენ მდიდარი მშობლებისგან. 84 წლის ინვესტორმა პირველი საინვესტიციო ხელშეკრულება 11 წლის ასაკში დადო. უორენ ბაფეტის გარემოცვის თქმით, ამერიკელი მილიარდერი ყოველდღე ძველებურად დადის სამსახურში.

კარლოს სლიმი

ბოლო 40 წელია მოკრძალებულ, ექვსი საძინებლისგან შემდგარ სახლში ცხოვრობს მსოფლიოს ნომერ მეორე მდიდარი ადამიანი, 74 მილიარდი დოლარის ქონების მფლობელი კარლოს სლიმი. არ ჰყავს მძღოლი და ყოველთვის თავად მართავს საჭეს. იშვიათად დადის პირად მცველებთან ერთად, უარს ამბობს მდიდრულ იახტებზე, თითქმის არასდროს იყენებს კომპიუტერს, პერსონალური ლეპტოპის ნაცვლად კი მნიშვნელოვან ჩანაწერებს ისევ ბლოკნოტში აკეთებს. ყველაზე მაღალი რანგის შეხვედრებზეც კი მაჯას უბრალო, ელექტრონული საათი უმშვენებს, რომელშიც კალკულატორია ჩამონტაჟებული.