ლარის გაცვლითი კურსის თემაზე კიდევ ერთი საკომიტეტო მოსმენა გაიმართება

ლარის გაცვლითი კურსის თემაზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, მთავრობის საფინანსო-ეკონომიკური გუნდის და ეროვნული ბანკის წარმომადგენლების მონაწილეობით, კიდევ ერთი საკომიტეტო მოსმენის გამართვას აპირებს.

როგორც ტყემალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სხდომის თარიღი შესაბამის უწყებებთან მოლაპარაკებების შემდეგ დაზუსტდება და გახდება ცნობილი. "იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტის შენობაში "იბიარდის" ღონისძიებები იგეგმება, ჯერ არ ვიცით, საკომიტეტო მოსმენას "იბიარდის" ღონისძიებებამდე თუ მას შემდეგ გავმართავთ. ზოგადად, ეკონომიკური კუთხით ვითარება ნორმალურად მიმდინარეობს. რაც შეეხება ლარის კურსს, ამ მხრივ არსებული მდგომარეობა მხოლოდ შიდა პრობლემებით არ გამომდინარეობს. პრობლემა თავსმოხვეულია გარე ფაქტორების გათვალისწინებით. იმედი მაქვს, ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერი კარგად იქნება", - აღნიშნა ტყემალაძემ. დეპუტატის თქმით, მთავრობის მუშაობა მისთვის დამაკმაყოფილებელია.

24 აპრილს ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2844 ლარი იყო. ახალ კურსს ეროვნული ბანკი დღეს დაადგენს.