საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ მარტში 39.6 მლნ ლარი შეადგინა

საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ მარტში 39.6 მლნ ლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.  სებ-ის ინფორმაციით, 2015 წლის 1-ელი აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 20 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის, 16 საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 - უცხოური ბანკის ფილიალით.

"წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.5 მლრდ ლარით, ანუ 2.4 პროცენტით გაიზარდა და 22.7 მლრდ ლარი შეადგინა, თუმცა ოპერაციების შედეგად (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე) ეს მაჩვენებელი 0.8 %-ით გაიზარდა, ხოლო კურსის ცვლილებამ მისი 1.6 %-ით ზრდა განაპირობა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 16.0 %-ია", - ნათქვამია განცხადებაში.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 69.6 % შეადგინა. სებ-ის ცნობით, გასული თვე საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. მარტის თვის წმინდა მოგებამ 39.6 მლნ ლარი შეადგინა. ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილმა საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში 77.2% შეადგინა.