თბილისის ყველაზე ძვირად ღირებული სკოლები

Bpn.ge შეეცადა გაერკვია, რას სთავაზობენ ძვირადღირებული სკოლები მშობლებს და მათ შვილებს მაღალი გადასახადის სანაცვლოდ.

შვილისთვის სკოლის შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი პერიოდია მშობლისთვის, რომელიც რთული არჩევანის წინაშე დგება. ბოლო წლებში საქართველოში სულ უფრო პოპულარული გახდა კერძო სკოლაში ბავშვის მიყვანა. ამის მიზეზად ხშირად მშობლები კერძო სკოლებში არსებულ უსაფრთხოების მაღალ დონეს, სწავლების განსხვავებულ მეთოდს, კლასში მოსწავლეების მცირე რაოდენობასა და სხვა ფაქტორებს ასახელებენ. თუმცა, საქართველოში კერძო სკოლებში სწავლა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. Bpn.ge შეეცადა გაერკვია, რას სთავაზობენ ძვირადღირებული სკოლები მშობლებს და მათ შვილებს მაღალი გადასახადის სანაცვლოდ. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ლარის გაუფასურებისა, ჩვენს მიერ გამოკითხულ არცერთ სკოლაში უახლოეს მომავალში სწავლის საფასურის გაზრდას არ გეგმავენ.

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში

- აკადემიაში სწავლება მე-9 კლასიდან იწყება. წლიური გადასახადი 19 000 ლარია. როგორც აკადემიის საგარეო ურთიერთობის დეკანი, ია თოფურია აღნიშნავს, ღირებულება არ შეცვლილა ბოლო 4 წლის განმავლობაში. მოსწავლეების ტრანსპორტირება შეკრების სპეციალური ადგილებიდან ხდება და სწავლის საფასურის საერთო ღირებულებაში შედის. რაც შეეხება კვებას, მშობელმა კვებისთვის საჭირო თანხა ცალკე უნდა გამოყოს. მაგრამ როგორც აკადემიაში აღნიშნავენ, საშუალოდ, 5 ლარი მოსწავლისთვის ერთი დღის მანძილზე საკმარისია. სკოლაში მოსწავლეებს ფინანსური შეღავათებიც აქვთ. ამ ეტაპზე ფინანსურ შეღავათებს 70 მოსწავლე იღებს და საერთო ჯამში, ეს თანხა 450 000 ლარს შეადგენს. გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია ასევე გასცემს სტიპენდიებსა და სხვა სახის დაფინანსებებს.

ბრიტანულ-ქართული აკადემია - აკადემია როგორც სკოლამდელი განათლების ცენტრს, ასევე დაწყებით, საბაზო და საშუალო სკოლებს სთავაზობს მშობლებს. ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში ქართული და ინგლისური სექტორია. ფასები კი შემდეგნაირად გამოიყურება: ქართული დეპარტამენტი: სკოლამდელი განათლების ცენტრი - 3200$ ექვივალენტი ლარში; I - VIII კლასი - 4200$ ექვივალენტი ლარში; IX - XII კლასი - 4700$ ექვივალენტი ლარში. ბრიტანულ დეპარტამენტში, სადაც მხოლოდ მოწვეული უცხოელი პედაგოგები ასწავლიან, სწავლის ღირებულება 7 100 $ იდან - 10 400 $ მდე იწყება. სკოლა დედმამიშვილებს შეღავათებს უკეთებს და მათ გადასახადებს ინდივიდუალურად განიხილავს. როგორც აკადემიის მარკეტინგისა და პიარის მენეჯერი მაკა კევლიშვილი აღნიშნავს, სექტემბრიდან გადასახდში შევა დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის კვება, ტრანსპორტირება ყველა მოსწავლისთვის, ხოლო საშუალო და მაღალი კლასის მოსწავლეები სპეციალური საშეღავათო ბარათებით ისარგებლებენ კაფეტერიაში. გადასახადში შედის ასევე გახანგრძლივებული პროგრამები და ყველა სახის კულტურული თუ სპორტული აქტივობა. სექტემბრიდან სკოლა ადგილმდებარეობას იცვლის და მოსწავლეების მიღებას ლისის ტბის ტერიტორიაზე გააგრძელებს.

ევროპული სკოლა - ევროპულ სკოლაში როგორც ქართულენოვანი, ასევე საერთაშორისო და ამერიკული სექტორებია. წლიური გადასახადი 4 000 ევროს შეადგენს. გადასახადში შედის ორჯერადი კვება, ტრანსპორტირება და სხვადასხვა მხატვრული წრეები. საერთაშორისო სექტორში გადასახადი კლასების მიხედვით განსხვავდება: პირველიდან მე-5 კლასის ჩათვლით სწავლის ღირებულება 5 000 ევროს, მე-6 დან მე-10 კლასის ჩათვლით - 6000 ევროს, ხოლო მე-11, მე-12 კლასებში - 7000 ევროს შეადგენს. ამერიკულ სექტორში მოსწავლეების მიღება მე-8 კლასიდან ხდება და გადასახადი 6 000 ევროა. ქართულ სექტორზე მოსწავლეების მიღება პირველი კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით ხდება. როგორც სკოლის პიარ-მენეჯერი თეა კიკნაველიძე bpn.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ფასების მატება ამ ეტაპზე არ იგეგმება.

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - ბაქსვუდის სკოლაში სწავლის საფასური 6800 ლარამდე მერყეობს. სკოლაში თითოეული კლასი მაქსიმუმ 20 მოსწავლისგან შედგება. წარჩინებულ მოსწავლეებს სიგელით, დიპლომით და სხვადასხვა ფასიანი საჩუქრებით აჯილდოვებენ. ასევე, ენიშნებათ სტიპენდიაც. საზაფხულო პროგრამის ფარგლებში ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეებს საშუალება აქვთ რამდენიმე თვით ან კვირით გაემგზავრონ ბრიტანეთში.

ნიუტონის სკოლა - ნიუტონის სკოლაში ბავშვის მიყვანა სკოლისთვის მოსამზადებელი პერიოდიდანვე შეუძლია მშობელს (ე.წ. სკოლამდელი აღზრდის პროგრამა). 2013-2014 წლებში წლიური გადასახადი კლასების მიხედვით განსხვავდებოდა, თუმცა ამჟამად გადასახადი ყველა კლასში უცვლელია და 4200 ლარს შეადგენს. მე-4 კლასამდე გადასახადში ბავშვების 2 ჯერადი კვება შედის, მე-4 კლასის ზევით უკვე მოსწავლეს კვებისთვის დამატებითი ფინანსები (საშუალოდ, დღეში 5 ლარი) სჭირდება. რაც შეეხება ტრანსპორტირებას, ამისთვის მშობელმა დამატებითი 660 ლარი უნდა გადაიხადოს. როგორც მშობლებთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, ნინო მირიანაშვილი bpn.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, სკოლა დედმამიშვილებს და სხვადასხვა ოლიმპიადაში გამარჯვებულებს გარკვეულ შეღავათებს სთავაზობს. სკოლას ასევე აქვს ფასიანი საზაფხულო სკოლები.

ძვირადღირებული სკოლების ჩამონათვალშია ასევე კავკასიის ფრანგული სკოლა, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი, სკოლა 21-ე საუკუნე და ახალი სკოლა. ამ სკოლებში ფასები ძირითადად, 5000 ლარიდან იწყება.

თამარ კორკოტაშვილი