აუდიტის სამსახური მომსახურების სააგენტოს რესტორანში გაწეული ხარჯების გამოც ედავება

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ფინანსური საქმიანობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშში სააგენტოს ფინანსურ საქმიანობაში გამოვლენილ დარღვევებზეა საუბარი, მათ შორის არის უწყების ხარჯთაღრიცხვის გეგმაში ისეთი ხარჯები, რომელიც გაწეული არ ყოფილა. "ხარჯთაღრიცხვის თავდაპირველ დამტკიცებულ გეგმაში შეტანილი იყო ისეთი ხარჯები, რომლებიც საერთოდ არ გაწეულა, ან გაწეულია გეგმით გათვალისწინებულზე გაცილებით ნაკლები ოდენობით. ხარჯთაღრიცხვების ცვლილებების შედეგად თანხის უმეტესი ნაწილი მიმართულ იქნა შრომის ანაზღაურების მუხლში პრემიების ზრდაზე", - ნათქვამია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

ამასთან, ანგარიშის თანახმად, მნიშვნელოვანი ხარვეზებით ხასიათდება სარესტორნო მომსახურებაზე სააგენტოს მიერ გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების უმრავლესობა.  "კერძოდ, წარმოდგენილი დოკუმენტებით შეუძლებელია მოწვეული სტუმრების იდენტიფიცირება და ზოგ შემთხვევაში - რაოდენობა", - აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, აუდიტორების შეფასებით, სატრანსპორტო მომსახურების ფარგლებში გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებით გაურკვეველია, რომელი დოკუმენტის აღსრულების (დადგენილება, განჩინება, გადაწყვეტილება ან სხვა) საფუძველზე განხორციელდა ქონების გადაზიდვა.  "სააგენტოს ორივე წელს ფინანსთა სამინისტროსათვის წარდგენილ ანგარიშებში არასწორად (ზედმეტად) აქვს ასახული სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ნივთმტკიცებები ფულადი კუპიურების სახით, სულ - 3,609.5 ათასი ლარის ოდენობით; ასევე დასუფთავებაზე და სანიტარულ მომსახურებაზე გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტონულ ტენდერში 3 გამარჯვებული პირები არ იყვნენ დღგ - ს გადამხდელები, შესაბამისად მათ ტენდერში მონაწილე სხვა პრეტენდეტებთან შედარებით ხელოვნურად შეექმნათ უპირატესობა და სააგენტოსგან ზედმეტად მიიღეს 6.0 ათასი ლარი. გარდა ამისა, სააგენტოს საბანკო ანგარიშზე, 2014 წლის მარტიდან წლის ბოლომდე, საპროცენტო სარგებლის გარეშე განთვსებული იყო შპს "რეგიონული განვითარების ფონდის" გადმორიცხული თანხები; ამასთან, სააგენტო დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებიდან არ ახორციელებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადებაზე, შენახვაზე და გამოყენებაზე მართვას", - ნათქვამია დასკვნაში.

ანგარიშის თანახმად, მომსახურების სააგენტოს ფინანსურ საქმიანობაში გამოვლენილი ერთ-ერთი დარღვევაა ისიც, რომ რეზერვების დეპარტამენტის მიერ 2013 წლის ოქტომბერში შემდგომი განკარგვის მიზნით გადმოცემული 50,000 ტონა მაზუთი დღემდე განუკარგავია; ასევე სააუდიტო პერიოდში სათანადო კონტროლო არ იყო დაწესებული სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების გადმობარებაზე, განაჩენებისა და გადაწყვეტილებების აღსრულებაზე, ზოგიერთი შემთხვევა კი საერთოდ რეაგირების გარეშე იყო დატოვებული.

"მატერიალურად პასუხისმგებელი პირების შეცვლისას არ არის ჩატარებული ინვენტარიზაციები და მათ შორის არ გაფორმებულა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები; ელექტონულ პროგრამა "ERP"-ში მიქცეული და განსაკარგავად გადმოცემული ქონების ნაშთები არ ასახავს რეალობას, კერძოდ ნაშთებში ირიცხება ისეთი საქონელი, რომლის განკარგვა მომხდარია წინა წლებში", - აღნიშნულია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზურაბ ახალკაციშვილმა თანამადებობა უკვე დატოვა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მომსახურების სააგენტოს 2013 წლის ფინანსური საქმიანობის და 2012-2013 წლების შესაბამისობის აუდიტი განახორციელა.