აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა უკრაინისათვის 200 მილიონის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო

აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა უკრაინისათვის თავდაცვითი იარაღის გადაცემის მიზნით 200 მილიონი დოლარის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ "ასოშიეტედ პრესი" იტყობინება.

ახალ თავდაცვით ბიუჯეტს კომიტეტის 60-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ორი კი წინააღმდეგ გამოვიდა. როგორც შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრები აცხადებენ, 200 მილიონი დოლარი უკრაინის იარაღით უზრუნველყოფას უნდა მოხმარდეს იმისათვის, რომ ამ ქვეყანამ რუსულ აგრესიასთან გამკლავება შეძლოს. თუმცა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება წარმომადგენელთა პალატამ მომავალ თვეში უნდა მიიღოს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის კონგრესის წევრები პრეზიდენტ ბარაკ ობამას ხშირად მოუწოდებენ უკრაინის ლეტალური იარაღით უზრუნველყოფისკენ, თეთრი სახლი ამ გადაწყვეტილების მიღებისგან ამ დრომდე თავს იკავებს.