ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ შეკრებაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ, რიგით 48-ე შეკრებაში მონაწილეობს, რომელიც 2-3 მაისს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იმართება.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმი წელს ბაქოში იმართება, რომელსაც 3 ათასზე მეტი მონაწილე ეყოლება. მათ შორის არიან ფინანსთა მინისტრები, ცენტრალური ბანკების მმართველები, ინვესტორები, ბიზნესმენები, საზოგადოების წარმომადგენლები. ნოდარ ხადურის ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები, რომლის დროსაც ფინანსთა მინისტრი შეხვდება აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს ტაკეჰინო ნაკაოს, აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს კლაუს გერჰოიზერს. შეხვედრებზე განიხილება საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

ბაქოში ფინანსთა მინისტრი ასევე შეხვდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციის ხელმძღვანელს. კერძოდ, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ვიცე-პრეზიდენტს, ქეი იანაგისავას. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ფინანსთა მინისტრის შეხვედრები საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან.