თბილისის ყველაზე ძვირად ღირებული ბინები

საქართველოში უძრავი ქონების უამრავი სააგენტო და ვებგვერდი არსებობს, რომელთა საშუალებითაც სასურველი ბინისა თუ სახლის მოძიება პრობლემას არ წარმოადგენს.

bpn.ge შეეცადა გაერკვია, რა ღირს ყველაზე ძვირად ღირებული ბინები საქართველოში. ამის გასარკვევად რამდენიმე სააგენტოს დავუკავშირდით. როგორც აღმოჩნდა, ბინები ყველაზე ძვირი თბილისსა და თბილისის შემოგარენში ღირს და მათი ფასი რამდენიმე მილიონ დოლარსაც კი აჭარბებს.

მაკლერების თქმით, რაც უფრო მეტი კომფორტია ბინაში, მით უფრო ძვირად აფასებს თავის ქონებას მფლობელი. ძვირად ღირებული ბინის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი მისი მდებარეობაა. ერთ-ერთი საგენტოს მენეჯერმა გვითხრა, რომ ვაკეში, ატენის ქუჩაზე ყველაზე ძვირად ღირებული ბინა მილიონ დოლარად არის შეფასებული. "ჩვენი დაკვირვებით ძვირადღირებულ უძრავ ქონებას მფლობელი დიდი ხნის განმავლობაში ჰყიდის, მაგრამ მყიდველი აგვიანებს. საქართველოში ისედაც ჭირს და მილიონებად შეფასებულ ქონებას იშვიათად ყიდულობენ. ვინც ყიდულობს, მათი უმეტესობა უცხოელია", -განაცხადა სააგენტოს მენეჯერმა.

bpn.ge-სთან საუბრისას, მაკლერები ასევე აღნიშნავენ, რომ საცხოვრებელი ბინები ორ ნაწილად უნდა დავყოთ: ბინები კორპუსში და კერძო სახლები, რომელსაც საკუთარი კარ-მიდამო აქვს. ”როგორც წესი, კერძო სახლებს უფრო მაღალი ფასი აქვს. ამჟამად, მთაწმინდის რაიონში იყიდება ტრიპლექსი, რომელიც 1,8 მილიონ დოლარად არის შეფასებული, თუმცა მისი გაყიდვა საკმაოდ გვიჭირს”, - ამბობენ უძრავი ქონების სააგენტოში.

როგორც კომპანია makler.ge-ს მენეჯერმა, ხათუნა შურღაიამ გვითხრა, უძრავი ქონება ყველაზე ძვირი ვაკესა და მთაწმინდაზეა. მისი თქმით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბინის მდებარეობასა და რემონტს. makler.ge-ის მონაცემებით, თბილისის ცენტრალურ უბნებში, კეთილმოწყობილ ბინაში ერთი კვადრატული მეტრის ფასი 3 000 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

როგორც saqme.ge-ის რედაქტორმა ლელა არაბულმა bpn.ge-სთან საუბრისას განაცხადა, დღევანდელი მონაცემებით, მილიონ დოლარად შეფასებული ცხრაოთახიანი ბინა სარდაფით ბარნოვზე იყიდება. ვაკის პარკთან მდებარე ტრიპლექსი - 565კვ. მეტრი, 940 000 დოლარი ღირს. saqme.ge-ს მონაცემებით, ბინებს მაღალი ფასი აქვს რუსთაველის გამზირზეც. მაგალითად, ამ ეტაპზე 8-ოთახიანი ბინა 700 000 დოლარად იყიდება.

თიკო გურაშვილი