რა ქონებას ფლობს ეკა ბესელია

გასულ წელს ეკა ბესელიას სახელფასო ანაზღაურებამ 66401.75 ლარი შეადგინა

ერთ-ერთი, ვის ურიცხვ ქონებაზეც საზოგადოება ლამის ლეგენდებს ჰყვება, პარლამენტარი ეკა ბესელიაა. დანამდვილებით იმის თქმა, რა ქონებას ფლობდა პარლამენტში შესვლამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რთულია. თუმცა, რა ქონებას ფლობდა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე 2012 წლიდან დღემდე, ამის გარკვევას bpn.ge ეკა ბესელიას დეკლარაციიდან შეეცადა.

როგორც გაირკვა, ეკა ბესელიას გასული წლის ქონებრივი დეკლარაცია ჯერ არ შეუვსია.

2012 წლის 19 დეკემბრის დეკლარაციაში ოჯახის გრაფაში ვკითხულობთ: დედა- გულიზარ ორაველიძე, და - ცირა ბესელია, ძმა - სერგო ბესელია, შვილები - რატი მილორავა და ლიზი გუბელაძე. როგორც საკუთრების გრაფაშია მითითებული, ეკას ბესელია ორ ბინას ფლობს - ყიფშიძის ქუჩაზე და თემქის დასახლებაში. ასევე, არასაცხოვრებელ ფართს გამრეკელის ქუჩაზე.

ბესელიას სახელზეა ავტომობილი - RAV4 2007. ავტომანქანის ღირებულების გრაფა ცარიელია. ასევე ცარიელია ფასიანი ქაღალდების რაოდენობის გრაფაც. რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, ეკა ბესელიას "თიბისი ბანკის" სახელფასო ბარათზე - 5 000 ლარი, ხოლო მიმდინარე ანგარიშზე 3 000 აშშ დოლარი აქვს. იმავე ბანკში ანაბარზე 30 000 აშშ დოლარი, ხოლო "ქართუ ბანკში" მიმდინარეზე - 4 000 ლარი ფიქსირდება. ფულადი თანხის გრაფაში ეკა ბესელიას სახელზე 50 000 აშშ დოლარია. რაც შეეხება შემოსავლებს: ეკა ბესელიას საკუთარი საადვოკატო კომპანიიდან, სადაც ხელმძღვანელად მუშობდა, 2012 წლის განმავლობაში 6 000 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული, ხოლო შპს "ახალი კაპიტალიდან", სადაც იურისტის პოზიციას იკავებდა - 18 750 ლარი. 2012 წელს ბესელიამ სწავლის სანაცვლოდ 5 000 ლარი გადაიხადა.

რაც შეეხება 2013 წლის 26 დეკემბერის დეკლარაციას, ოჯახის წევრების გრაფაში პარლამენტარს და, ცირა ბესელია აღარ უწერია. ცვლილებებია მის საბანკო ანგარიშებზეც: "თიბისი ბანკში" 5 სხვადასხვა ანაბარი აქვს გახსნილი, სადაც თანხების რაოდენობა ასეთია - 7,53 აშშ დოლარი, 16 500 ლარი, 20 000 აშშ დოლარი, 449.82 ლარი, 734.50 აშშ დოლარი, 449,82 ლარი. იმავე ბანკში 4 მიმდინარე ანგარიშზე თანხები სხვადასხვა ვალუტაში აქვს - 87.51 აშშ დოლარი, 99.69 ლარი, 2033.42 აშშ დოლარი, 4679. 99 ევრო. ხოლო "ქართუ ბანკში" არსებულ სახელფასო ანგარიშზე 19011.98 ლარი. ფულადი თანხის გრაფაში ეკა ბესელიას 45 000 აშშ დოლარი აქვს მითითებული.

ეკა ბესელიას საადვოკატო კომპანიაში, სადაც ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა, წლიურმა ანაზღურებამ 2013 წელს 10 839 ლარი შეადგინა. შპს-ში "ახალი კაპიტალი" იურისტად მუშაობისას საერთო ანაზღაურება- 54032.26 ლარი, დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბში, ექსპერტის რანგში- 3 500 ლარი, ხოლო კავკასიის უნივერსიტეტში ლექტორად მუშაობისას 563 ლარი მიუღია. პარალელურად, საქართველოს პარლამენტში წლის განმავლობაში ხელფასმა 17 232 ლარი შეადგინა.

2014 წლის 29 დეკემბერს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ეკა ბესელიას უძრავ ქონებას არაფერი შემატებია, მანქანაც უცვლელია. ამჯერად, თიბისი ბანკში ორი ანაბარი აქვს გახსნილი, სადაც 20 000 აშშ დოლარი და 16 500 ლარი ერიცხება. იმავე ბანკში შვიდ მიმდინარე ანგარიშზე არსებული თანხები ასეა გადანაწილებული - 3729.20 აშშ დოლარი, 1945.65 აშშ დოლარი, 85.12 ლარი, 52.43 აშშ დოლარი, 674.25 აშშ დოლარი, 348.94 ლარი და 2011.92 აშშ დოლარი. "ქართუ ბანკში" სახელფასო ანგარიშზე 61819.24 ლარი, იმავე ბანკში 2 მიმდინარე ანგარიშზე 204.99 ევრო და 1.28 აშშ დოლარი ფიქსირდება. ფულადი თანხის გრაფაში კი ეკა ბესელიას თანხა 37 000 აშშ დოლარამდე შემცირდა. რაც შეეხება პარლამენტარის წლიურ ხელფასს, გასულ წელს საერთო ჯამში, 66401.75 ლარი აიღო.

სალომე გოგოხია