ყველაზე ძვირად ღირებული ახალი ავტომობილები საქართველოში

„სახელმწიფოს მხრიდან იმ ადამიანების წახალისება არ ხდება, ვისაც ახალი ავტომობილის შეძენა სურს“

ავტომანქანა მხოლოდ გადაადგილების საშუალება როდია, იმავდროულად ის ფუფუნებასთან და სოციალურ სტატუსთან ასოცირდება. თუ საკუთარი ჯიბე გასაქანს გაძლევთ, მაშინ უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ ბოლო მოდელის ავტომობილით თავი მოიწონოთ. მართალია, საქართველო თავისი ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობით მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას, თუმცა, ეს ერთეულებს ექსკლუზიური მოდელის შეძენაში ხელს სულაც არ უშლის. საქართველოში კანტიკუნტად, მაგრამ მაინც თვალს მოჰკრავთ ძვირად ღირებულ ახალ ავტომობილებს, რომელთა ღირებულება ბევრს შეიძლება ასტრონომიულ ფასადაც მოეჩვენოს.

საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილების ფოტოები სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა. მაგალითად, მერსედეს s500 maybach, რომლის სასტარტო ღირებულება 150 ათასი ევროა. ასევე, ”აუდი R 8” , ”ლამბორგინი”, ”ლამბორგინი ავენტადორი” და სხვა. ეს იმ ავტომანქანების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მასშტაბით გადაადგილდებიან. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი სპეცშეკვეთით დამზადებული ავტომანქანებითაც გადაადგილდება, რომელთა სასტარტო ღირებულება უცნობია. ასეთ ძვირად ღირებულ ავტომობილებს ძირითადად ექსკლუზიური სანომრე ნიშნები აქვთ.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარის დავით მესხიშვილის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით მოცემულ მომენტში 2015 წლის გამოშვების 379 ავტომობილი გადაადგილდება:

“სტატისტიკის მიხედვით, შარშან, 2014 წლის გამოშვების 4 851 ავტომობილი გადაადგილდებოდა. საერთო ჯამში, მოცემულ მომენტში საქართველოში 5 230 ახალი ავტომობილი გადაადგილდება. პრაქტიკულად, საქართველოში ერთი და იმავე მოდელის ანალოგი არ მოიძებნება. ასეთ ძვირად ღირებულ ავტომობილებს მხოლოდ ერთეულები ყიდულობენ,“ - ამბობს bpn.ge-თან საუბარში დავით მესხიშვილი.

რომელია ყველაზე ძვირადღირებული ახალი ავტომობილები? ამის გასარკვევად bpn.ge საქართველოში სხვადასხვა ავტომწარმოებლების ოფიციალურ წარმომადგენლობას დაუკავშირდა. ფასები მართლაც შთამბეჭდავია. თუმცა, გამოკითხულებიდან ყველა ცალსახად აღნიშნავს, რომ ძვირად ღირებული ავტომანქანების რეალიზაციის დონე დაბალია და მათ მხოლოდ ერთეულები ყიდულობენ.

„პორშეს“ ოფიციალურ ცენტრში წარმოდგენილი ავტომანქანების სასტარტო ფასი 43 ათას ევროდან იწყება. მოცემულ მომენტში ყველაზე ძვირად ღირებული 4,8 ძრავიანი (570 ცხენის ძალით) „პორშე პანამერაა“, რომლის ღირებულებაც 174 ათასი ევროა. ასევე,“ პორშე სპაიდერი 918“ – 720 ათასი ევრო ღირს.

„ტოიოტა თეგეტას“ ცენტრში ყველაზე ძვირადღირებული „ტოიტა ლენდ კრუიზერ 200“-ია, რომლის ღირებულებაც 67 995 დოლარია.

„აკა-მერსედერს ბენცის“ სალონში წარმოდგენილი Mercedes Benz-ის S კლასის კუპე 175 ათასი ევრო ღირს, ხოლო მერსედეს s500 maubach-ის ფასი 120 ათასიდან 200 ათას ევრომდე მერყეობს. მერსედეს AMG GT- ს ფასი 120 ათასი ევროდან იწყება. მანქანის ფასი ძრავის მიხედვით იზრდება.

აღსანიშნავია, რომ ამ მოდელების ჩამონათვალი უცხოურ საიტებზეც ანალოგიური ფასებითაა წარმოდგენილი. ქართველი მომხმარებელი, რომელიც ექსკლუზიური მოდელის მანქანით გადაადგილდება ქვეყნის მასშტაბით, სასურველ შენაძენს საქართველოში წარმოდგენილი ავტომწარმოებლების ოფიციალურ ცენტრებში აკეთებს ან კერძო შეკვეთით სარგებლობს.

როგორც bpn.ge-თან საუბარში დავით მესხიშვილი ამბობს, თბილისში ექსკლუზიური მოდელის მანქანები მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი.  „ცხადია, მანქანის ღირებულების დადგენა ძნელია, თუმცა, ქვეყანაში რამდენი ძვირად ღირებული ახალი ავტომობილია, ამის დადგენა მარტივია. პრაქტიკულად, თბილისში კონკრეტული მანქანის ერთ მოდელს მოჰკრავთ თვალს. ანალოგი არ ჰყავს. დღესდღეობით დედაქალაქში 400 ათასი, ხოლო ქვეყნის მასშტაბით მილიონ 50 ათასი მსუბუქი ავტომობილი გადაადგილდება. აქედან, ახალი მხოლოდ 5 230-ია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მანქანების გაყიდვებმა იკლო. ამ ფონზე სრულიად ალოგიკურია ასეთი დიდი რაოდენობის ავტომობილის ქვეყანაში შემოყვანა. 2014 წელს შემოყვანილი მანქანების რაოდენობამ 80 ათასს გადააჭარბა, ასეთი რამ არასდროს მომხდარა...მიმაჩნია, რომ ჩვენთან ავტომობილების შემოყვანა, განბაჟება, არასწორად ხდება. სწორედ ამიტომ, საქართველოში ყველანაირი ჯართი და ამორტიზებული მანქანა შემოდის. სახელმწიფოს მხრიდან იმ ადამიანების წახალისება არ ხდება, ვისაც ახალი ავტომობილი შეძენა სურს. ვისაც ახალი ავტომობილის შემოყვანა სურს, ის ნაკლებად უნდა იბეგრებოდეს. ეს ხელს შეუწყობს მეორადი მანქანების შემცირებას, რომელიც გარემოს აბინძურებს. როგორ უნდა განვითარდეს და განახლდეს ავტოპარკი, ამის ხედვა ჩვენს ქვეყანას არ აქვს. 350 ათასზე მეტი 20 წელზე ასაკოვანია,“ - ამბობს მესხიშვილი.

სალომე გოგოხია

იხილეთ ვიდეო