ხადურის განმარტებით, ზედამხედველობის სამსახური შესაძლოა, სსიპ-ად ჩამოყალიბდეს, მაგრამ კონტროლს ისევ ეროვნული ბანკი განახორციელებს

საკანონმდებლო ინიციატივაში, რომელიც დეპუტატ თამაზ მეჭიაურს ეკუთვნის, საუბარია იმაზე, რომ საბანკო ზედამხედველობის სამსახური ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, მაგრამ კონტროლს განახორციელებს ისევ საქართველოს ეროვნული ბანკი, - ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის იმ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის გამოყოფას ითვალისწინებს.

კითხვაზე, იყო თუ არა ამასთან დაკავშირებით საუბარი პარლამენტში რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური, ხადურმა აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა.

"პარლამენტი არის საკანონმდებლო ორგანო, არსებობს გამოცდილება, მათ შორის, საქართველოს უახლოეს წარსულშიც, როდესაც საბანკო ზედამხედველობა არ იყო საქართველოს ეროვნული ბანკის შიგნით, თუმცა რამდენადაც ვიცი, საუბარია იმაზე, რომ ის ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, მაგრამ მის კონტროლს განახორციელებს ისევ საქართველოს ეროვნული ბანკი", - განაცხადა ხადურმა.