მეჭიაური: ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოსვლით, ზოგიერთებს ცდუნება აღარ გაუჩნდებათ, კურსის რყევისას ისარგებლონ

ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის უშუალო დაქვემდებარებიდან გამოსვლა, მინიმუმ იმას გააკეთებს, რომ ზოგიერთებს აღარ გაუჩნდებათ ცდუნება, კურსის რყევების პერიოდში ისარგებლონ, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გადაცემა "ბიზნესკონტაქტში" განაცხადა. მისი თქმით, საბანკო ზედამხედველობის სამსახური ეროვნული ბანკის სტრუქტურაში სსიპ-ის სახით იქნება, რომელსაც ექნება აბსოლუტური დამოუკიდებლობა. როგორც მეჭიაურმა განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება არსებობს.

"გარდა ამისა, ასეთივე სააგენტო 2008 თუ 2009 წლებში წინა ხელისუფლებამ თავადვე შექმნა და მაშინ თვითონ გიორგი ქადაგიძე იყო ამ სააგენტოს ხელმძღვანელი. ასე რომ, ეს არც საქართველოსთვისაა უცხო. ჩვენ რომ გადავხედეთ, ხანდახან ისინიც აკეთებდნენ ჭკვიანურს და გადავწყვიტეთ, რომ ეს გამოცდილება ჩვენც გაგვეზიარებინა", - აღნიშნა მეჭიაურმა.

მისი თქმით, ეროვნული ბანკის საბჭო აბსოლუტურად არ ასახავს იმ ძალების ინტერესს, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან.  "ეს ძალები მოსულები არიან პირდაპირი არჩევნების გზით ხალხის მიერ. ისინი კი აგრძელებენ ისევ იმ პოლიტიკური ძალის ინტერესების გატარებას, რომლებმაც ისინი ხელისუფლებაში მოიყვანეს. ამის საფუძვლიანი ეჭვი მაქვს და არა მხოლოდ მე. გაცილებით მეტ ინფორმაციას ფლობს ის, რა ხდება საბანკო სისტემაში, ვიდრე მთლიანად პარლამენტი", - განაცხადა მეჭიაურმა.

როგორც მეჭიაურმა აღნიშნა, მისი სურვილია, რომ პარლამენტმა ეროვნული ბანკის დეპოლიტიზაცია მოახდინოს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაც არ გამორიცხა.  "ამ სააგენტოს გამოსვლა მათი უშუალო დაქვემდებარებიდან მინიმუმ იმას გააკეთებს, რომ დღეის შემდეგ მაინც აღარ გაუჩნდებათ ზოგიერთებს ცდუნება, კურსის რყევების პერიოდში ისარგებლონ და ეს რაღაც სპეკულაციური მიზნებისთვის გამოიყენონ", - განაცხადა მეჭიაურმა.

კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მისი საკანონმდებლო ინიციატივით კომერციული საიდუმლოება, როგორც აქამდე იყო, დაცული იქნება, უბრალოდ, საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს მიმართ ნდობის ხარისხი გაიზრდება, ვინაიდან მისი დაკომპლექტება მოხდება "ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის მეშვეობით და არა ადეიშვილის მიერ დანიშნული საბჭოს მეშვეობით".

საკანონმდებლო ცვლილება, რომლის ინიციატორიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურია, საბანკო ზედამხედველობის სამსახურის საქართველოს ეროვნული ბანკისგან გამოყოფას ითვალისწინებს.