სპეციალურად "თბილისი 2015"-სთვის 10 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა მოიჭრა

"თბილისი 2015"-ის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, საკოლექციო დანიშნულების 10 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა მოიჭრა.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაციით, მონეტები პოლონეთის ზარაფხანაში (Мennica Polska) იჭრება. მათივე ცნობით, მონეტის მოჭრის პროცესს ვარშავაში "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი და ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მელაშვილი დაესწრნენ.

როგორც კომიტეტში აცხადებენ, 15.50 გრამიანი მონეტა დამზადებული იქნება 925 ვერცხლის სინჯით. მონეტის ესკიზის ავტორია მხატვარ-დიზაინერი მამუკა გონგაძე. მონეტების დიზაინის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ფესტივალის ემბლემა და სპორტის ოლიმპიური სახეობების ამსახველი პიქტოგრამები. ოლიმპიური ფესტივალის ლოგო მონეტებზე დატანილი იქნება ფერში, საღებავების გამოყენებით. მონეტების რევერსზე გამოსახულია ევროპის რუქა, ოლიმპიური კომიტეტის ლოგო და ეროვნული ვალუტის ამსახველი სიმბოლო.

"მონეტები რეალიზაციაში გავა სამიათასიანი ტირაჟით და მათი შეძენა შესაძლებელი იქნება საწარმოდან მზა მონეტების მიღებისთანავე, როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის სალაროში და ეროვნულ ბანკთან არსებულ ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ონლაინ მაღაზიიის მეშვეობით www.moneymuseum.nbg.gov.ge. ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ამ მნიშვნელოვან სპორტულ ასპარეზზე ჩვენი სახელმწიფოსა და ქართული სპორტის საზღვრებს გარეთ წარმოჩენას. მონეტები კარგი სასაჩუქრე და სამახსოვრო ნივთი იქნება, როგორც სპორტის მოყვარულებისათვის ისე ქალაქის ვიზიტორთათვის", - აცხადებენ საორგანიზაციო კომიტეტში.

26 ივლისიდან 2 აგვისტომდე პირველად საქართველოს ისტორიაში, თბილისში გრანდიზოული სპორტული ღონისძიება - ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება.