გიორგი აბაშიშვილი: ეკონომიკა უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის ინიციატივას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.  აბაშიშვილი გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის ინიციატივას, რომელიც ეროვნული ბაკიდან საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის გამიჯვნას და საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ცალკე სააგენტოდ ჩამოყალიბებას გულისხმობს.

"ძალიან საკვირველია, რატომ იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული, რა ეკონომიკური მოტივები არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს საბანკო სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული სფერო საქართველოში. საქართველოში საბანკო სისტემა არის სფერო, რომელმაც გაუძლო არაერთ გარე შოკს, მათ შორის 2008-09 წლებში ორმაგ ეკონომიკურ კრიზისს და ჩვენ დღეს გარკვეული ცვლილებებით საბანკო სექტორთან მიმართებაში შესაძლოა, რყევის სერიოზული ნიშნები შევქმნათ", - აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა.

აბაშიშვილის თქმით, თუ ვინმეს ეკონომიკური რეფორმების განხორციელება უნდა, რატომ იწყებს ამას იმ სფეროდან, რომელსაც ამ ეტაპზე რეფორმები არ სჭირდება.  "რატომ ვაპირებთ ვუმკურნალოთ დარგს, რომელსაც მკურნალობა არ სჭირდება. ჩვენ შეგვიძლია სხვა მიმართულებით განვახორციელოთ ეკონომიკური რეფორმები, თუკი რეფორმების ნება არსებობს. უფრო მეტიც, ძალიან ძნელია გავიხსენოთ თუნდაც ერთი განცხადება კომერციული ბანკების მხრიდან, რომელიც შეეხებოდა ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობისადმი გარკვეული ტიპის შენიშვნებს და კიდევ უფრო მეტი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი ბოლო ანგარიშის თანახმად, ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობა ძალიან პოზიტიურად შეფასდა", - განაცხადა აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. "ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და შესაბამისად, ვთვლით, რომ ეკონომიკა თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან. პოლიტიკური თამაშები ეკონომიკაში არ შეიძლება, ეს ავნებს ეკონომიკას. პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც მნიშვნელოვანწილად აისახება ბიზნესგარემოზე, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებით ზიანდება", - განაცხადა აბაშიშვილმა.

როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა განმარტა, საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს საქართველოს პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატებს, შემდგომ ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ამტკიცებს. აბაშიშვილს მიაჩნია, რომ ინიცირებული ცვლილება ამავდროულად საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციური ფუნქციების კიდევ ერთ-ერთი შესუსტების მცდელობაა, სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივებით. კითხვაზე, დაადებს თუ არა ვეტოს პრეზიდენტი ამ საკანონმდებლო ცვლილებებს, აბაშიშვილის თქმით, ისინი დეტალურად შეისწავლიან ამ ინიციატივას.

"შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, რადგან ეს არის პირველადი ვერსია. თუმცა მთავარია ის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ როდესაც საკითხი არის არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური მიზნებით ნაკარნახევი და საერთო არაფერი აქვს ეკონომიკის გაჯანსაღებასთან, რეფორმებთან, თავისთავად ცხადია, უნდა იქნას შეჩერებული", - განაცხადა აბაშიშვილმა.