სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტები გაძვირდა

"ლარი დოლართან მიმართებაში ძველ ნიშნულს რომც დაუბრუნდეს, მედიკამენტების ფასი არ შემცირდება"

რამდენიმე დღეა, რაც ეროვნული ვალუტა ოდნავ დასტაბილურდა. თუმცა, ეს პროცესი მედიკამენტების ფასებზე რატომღაც არ აისახა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლების ფასების არათუ მცირდება, პირიქით, იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ, როცა ლარის კურსმა რყევა დაიწყო, ქართული ფარმაკომპანიები მოსახლეობას აიმედებდნენ, რომ მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას არ გააძვირებდნენ. თუმცა, ფაქტი ნათელია - მედიკამენტებსა და ბავშვთა კვებაზე ფასები მკვეთრად გაიზარდა. სპეციალისტების თქმით, გაჭირვებული მოსახლეობის ბიუჯეტს მთავარი ფინანსური დარტყმა სწორედ მედიკამენტების გაძვირებამ მიაყენა.

სამედიცინო ბაზარზე რამდენიმე მსხვილი მოთამაშეა. თითოეული მათგანი კლიენტის მოსაზიდად მედიკამენტების გარკვეულ დასახელებაზე ფასდაკლებებს აცხადებს. თუმცა, ფასების შემოწმების შედეგად კლიენტი ხვდება, რომ კონკურენტ აფთიაქებში წარმოდგენილი მედიკამენტების ფასები ანალოგიურია.

bpn.ge გთავაზობთ ბავშვთა მოვლისა და კვების, ასევე, მედიკამენტების ფასების ჩამონათვალს:

აფთიაქებში ბავშვთა კვების საშუალებების დიდი არჩევანია. შესაბამისად, პროდუქციის ხარისხი და ფასიც განსხვავებულია. ყველაზე მოთხოვნადი "ჰიპისა" და "ჰუმანას" საკვები პროდუქციაა, რომლის ფასიც დაახლოებით 4-5 თვის წინ 9-10 ლარს შორის მერყეობდა, ახლა კი "ჰიპი" – 15,80 ლარი, ხოლო "ჰუმანა" – 13,90 ლარი ღირს. დაახლოებით სამი თვის წინ "ნუტრილონი" 17,80 ლარი ღირდა, ახლა კი 19,60 ლარია. თითქმის ამდენივე ღირს იმავე დასახელების საბავშვო ჩაი და ფაფები.

პამპერსებიდან ყველაზე გაყიდვადი თურქული წარმოების "ქან ბებეა", თუმცა ლარის რყევამ იაფიანი პროდუქციაც გააძვირა. დაახლოებით 3 თვის წინ, თითო საფენის ფასი 30-დან 55 თეთრამდე მერყეობდა, ახლა 0,57 ლარი ღირს. ხოლო თუ შეკვრა 14 ლარი ღირდა, ახლა უკვე 21,70 ლარია. "ჰაგისი" – 0,60 ლარი ღირდა, ახლა 75 თეთრია (შეკვრა 23,50 ლარია). 60 თეთრიდან 90 თეთრამდე გაიზარდა "პამპერსის" ფასიც (შეკვრა 26, 50 ლარი ღირდა, ამჟამად 30 ლარია). პამპერსის ერთ-ერთი სახეობა - "სლიფ ენდ ფლეი" 4 თვის წინ შეკვრა 14 ლარი ღირდა, ახლა 21,80 ლარი ღირს..

რაც შეეხება მედიკამენტებს, ამ შემთხვევაში აქცენტი ხშირი მოხმარების მედიკამენტზე გავაკეთეთ. წნევის წამალი "ენ ალაპრილ ჰაში" 4 თვის წინ 2 ლარი ღირდა, დღეს კი 4, 40 ლარია. ბავშვის ხველების წამალი "პუროქსანი" 18, 50 ღირდა, ამჟმად 19,90 ლარია. თუ "ატორისი" (20 მგ.) 12 ლარი ღირდა, ახლა 15, 30 ლარია. "ტრიმეკორი" რამდენიმე თვის წინ 9,40 ღირდა, ახლა 13,10 ლარი ღირს. 10 ცალი "ეუკარბონი" 2,65 ლარი ღირდა, ამჟამად მისი შეძენა 3,10 ლარად არის შესაძლებელი. სიცხის დამწევი საშუალება, საბავშვო" ნუროფენი" 6,50 ღირდა, ამჟამად კი - 7, 90 ლარია.

ფარმაკომპანიები პროდუქციის გაძვირების მიზეზად დოლართან მიმართებაში ლარის კურსის შესუსტებას ასახელებენ. თუმცა, საპირისპიროს აცახდებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯანმრთელი სამყაროს" ხელმძღვანელი ზურაბ ფუტკარაძე. მისი თქმით, ლარი დოლართან მიმართებაში ძველ ნიშნულს რომც დაუბრუნდეს, მედიკამენტების ფასი არ შემცირდება. "სასიცოცხლოდ აუცილებელ მედიკამენტებზე ფასი 15-20%-ით მომატებულია. ზოგიერთი დასახელების მედიკამენტი 30-40%-ით არის გაზრდილი.

”მედიკამენტების ფასის გაზრდას ლარის გაუფასურებას კი აბრალებენ, მაგრამ ბოლო ოთხი დღეა, რაც ეროვნული ვალუტის კურსი დაიწია და იმედია, გამყარდება. თუმცა, იმ აზრისგან, შორს ვარ, რომ თუ ლარი დოლართან მიმართებაში იგივე ნიშნულს დაუბრუნდება, მედიკამენტები გაიაფდება. ეს არის ფარმაციის ბიზნესი, როგორც სხვა დანარჩენი ბიზნესი, კურსის აწევის პარალელურად, ფასები მყისიერად იზრდება, რაც შემდგომ რეაგირების გარეშე რჩება. ლარი თუ გამყარდა, მედიკამენტებზე ფასი სულ მცირედით დაიკლებს. წამლებზე ფასნამატი 5-10%-ით დარჩება", - ამბობს ფუტკარაძე.

როგორ აისახა მოსახლეობის ბიუჯეტზე მედიკამენტების გაძვირება, ამის გასარკვევად bpn.ge-მ მცირე გამოკითხვა ჩაატარა. მოსახლეობა გაზრდილ ფასებზე ჩივის.

ლუიზა ბუაძე: "ჩემი 1 წლის პატარა ხელოვნურ კვებაზე მყავს, პამპერსიც და კვებაც გაგვიძვირდა. არადა, ყველაფერს მოიკლებ, მაგრამ შვილს მშიერს ხომ არ დატოვებ? თვეში ბავშვის შენახვა 572 ლარი გვიჯდება. ეს მხოლოდ საკვებს და პამპერსს რაც შეეხება. კატასტროფული მდგომარეობაა. მთავრობა რომ გაიძახის, დემოგრაფიული მაჩვენებელი უნდა გავაუმჯობესოთ, ქართველი ერი უნდა გამრავლდესო, მარტო თქმა უშველის? ერთი შვილის გაზრდა მიჭირს და მეორეს არ გავაჩენ. მირჩევნია ერთს ყველაფერი ჰქონდეს, ვიდრე რამდენიმეს ბევრი რამ აკლდეს."

ნანი ჩიბურდანიძე:"მედიკამენტები 25%-ით გამიძვირდა. წნევის წამალი ისე გაძვირდა, რომ ვეღარ ვყიდულობ. სამწუხაროდ, ფარმაცევტულ ბიზნესს არავინ აკონტროლებს. არავინ ცდილობს მედიკამენტებზე ფასების შემცირებას. საბოლოო ჯამში კი ჩვენისთანა დაბალი ფენა ზარალდება. მაღალი წნევა მაწუხებს, დიაბეტი, ვენების გაგანიერება მაქვს. ექიმის დანიშნული წამლების საერთო ღირებულება 300 ლარს აჭარბებს და იძულებული ვარ, რაღაც გამოვტოვო და ზოგიერთი წამალი არ ვიყიდო."

სალომე გოგოხია