დიმიტრი მედვედევი:  რუსეთი მკაცრ ზომებს მიიღებს, თუ უკრაინა ვალებს არ გადაიხდის

მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა 3 მილიარდ დოლარს არ დააბრუნებს

რუსეთი მკაცრ ზომებს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა წინა ხელისუფლების მიერ დატოვებულ ვალებს არ გადაიხდის, - ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

რუსეთის პრემიერმა უკრაინაში მიღებული ახალი კანონი გააკრიტიკა, რომლის თანახმადაც, კიევს უფლება ეძლევა საგარეო ვალის გადახდაზე მორატორიუმი გამოაცხადოს.

დიმიტრი მედვედევის თქმით, მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა 3 მილიარდ დოლარს არ დააბრუნებს. აღნიშნული თანხა რუსეთმა კიევს 2013 წელს, ჯერ კიდევ ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობის დროს ასესხა.

"ისინი გადაკრულად ამბობენ, რომ არ არიან მზად იმ ვალების გადასახდელად, რომელიც ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობამ დააგროვა", - აღნიშნა მედვედევმა.