მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა კლება დაიწყო

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა კვლავ კლება დაიწყო. ექსპერტების განცხადებით, ეს აზიაში შავ ოქროზე მოთხოვნის ზრდამ და აშშ-ში ავტომობილებით მოგზაურობის სეზონის დაწყებამ გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, "ბრენტის ტიპის" შავი ოქროს ფასი 0.13 პროცენტით დაეცა და ერთ ბარელზე 65,24 დოლარი შეადგინა, თუმცა WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი 0,01 პროცენტით გაიზარდა და 59,61 დოლარს მიაღწია.

"მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა უჩვეულოდ მაღალია, აპრილის მონაცემების შემდეგ ამ მხრივ კლება არ შეინიშნება მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ფასების მატება დაფიქსირდა" - აცხადებენ ექსპერტები ენერგეტიკის საკითხებში. იაპონიამ აპრილში შავი ოქროს იმპორტი 9,1 პროცენტით გაზარდა, რაც დღეში 3,62 მილიონი ბარელის იმპორტს გულისხმობს. რაც შეეხება ჩინეთს, გასულ თვეს ნავთობის იმპორტი ამ ქვეყანამაც გაზარდა და რეკორდულ მაჩვენებლს - დღეში 7,4 მილიონ ბარელს მიაღწია. ექსპერტები ჩინეთში ნავთობის იმპორტის კიდევ უფრო ზრდას ელოდებიან.