ლევან კალანდაძის აზრით, საბანკო ზედამხედველობის სამსახურის, როგორც ეროვნული ბანკის, ისე მის მიღმა არსებობის მოდელი არსებობს

ეკონომიკის საკითხების ექსპერტის, ლევან კალანდაძის აზრით, მთავარი პოლიტიკური ნებაა, თორემ საბანკო ზედამხედველობის სამსახურის, როგორც ეროვნული ბანკის ქოლგის ქვეშ, ისე მის მიღმა ბევრი წარმატებული მოდელი არსებობს.

ამის შესახებ ლევან კალანდაძემ ჟურნალისტებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ინიციატივის შეფასებისას განუცხადა, რომელიც ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას და მის ცალკე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

"რამდენადაც ვიცი, ახალი რეგულაცია მხოლოდ სისტემური ცვლილებების განხორციელებაზე ორიენტირებულია და საუბარი არ არის რაიმე დამატებითი რეგულაციების დაწესებაზე. მე მაინც მგონია, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ პროცესს, მივისმინოთ არგუმენტები ორივე მხარის მხრიდან და საბოლოო ჯამში გარკვეული კომპრომისული ვარიანტი იქნას მიღებული, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ამ სფეროს მაღალ გამჭვირვალობას, ტრანსფარენტულობის ხარისხს და იმავდროულად ორიენტირებული იქნება შედეგზე. მხედველობაში მაქვს ოპტიმალური მონეტარული პოლიტიკის ჩამოყალიბების და განხორციელების წინა პირობების გატარება ქვეყანაში", - განაცხადა ლევან კალანდაძემ.

მისივე თქმით, ამ საკითხს უნდა შევხედოთ პრაგმატული თვალსაზრისით. "სხვადასხვა მოდელები, რაც მსოფლიოში მოქმედებს, გვაძლევს იმის ანალიზის და დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ მთავარი არის პოლიტიკური ნება და თავად სისტემა რამდენად ორიენტირებული იქნება, თორემ ეროვნული ბანკის ქოლგის ქვეშაც და ეროვნული ბანკის მიღმაც არის ძალიან ბევრი წარმატებული მოდელი, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებში", - განაცხადა ლევან კალანდაძემ.

კალანდაძე ვარაუდობს, რომ პარლამენტი საბოლოო გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, მოხდეს თუ არა ეროვნული ბანკის რეორგანიზება, მიიღებს მას შემდეგ, რაც პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანგარიშს მოისმენენ.