რომან გოცირიძის შეფასებით, საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა სინამდვილეში ეროვნული ბანკის დანგრევაა

ექსპერტ რომან გოცირიძის შეფასებით, საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა სინამდვილეში ეროვნული ბანკის დანგრევაა.

როგორც გოცირიძე ვარაუდობს, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში არ არის დაწერილი და კანონპროექტის "ავტორებს" იგი თვალითაც არ უნახავთ. კითხვაზე, მაშინ ვინ დაწერა კანონპროექტი, გოცირიძე პასუხობს, რომ ალბათ მფრინავმა თეფშმა ჩამოაგდო ზემოდან.

"ეს არ ეხება მხოლოდ ზედამხედველობის სამსახურს, აქ არის უამრავი ფუნქცია, რომელიც ამ ზედამხედველობის სამსახურში გადადის, რომელიც კანპონპროექტის თანახმად იქნება საჯარო სამსახურის იურიდიული პირი, რომელსაც როგორც უნდა, ისე ატრიალებს პოლიტიკური თანამდებობის პირი. ეს არ არის იმუნიტეტით დაცული ორგანო, როგორიც არის ეროვნული ბანკი და რაც მთავარია, გაურკვეველია მისი შექმნის მოტივი და ისიც, რომ ეს ყველაფერი ძალიან მოულოდნელად კონსპირაციულად კეთდება. აქ აშკარად ჩანს შემდეგი ფაქტორი, ერთი რომ ეს არის მცდელობა ბიზნესის მთლიანად გაკონტროლებისა და არა მარტო კომერციული ბანკების, ამიტომაც ბიზნესი შეშფოთებულია. ეს არის ბიზნესის თავისუფლებისა და ადამიანის თავისუფლების მხრივ ვითარების გაუარესებისკენ გადადგმული ნაბიჯები, ვინაიდან კანონპროექტით კონფიდენციალობა უქმდება და ნებისმიერ საგადასახადო ორგანოს შეუძლია ჩვენი ანაბრები დაინახოს, რაც წინათ მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით ხდებოდა. ამასთან, ყველა ანგარიშსწორება ფინანსური მონიტორინგიდან, ანუ აპოლიტიკური ორგანოდან, ეროვნული ბანკიდან გადავიდა მთავრობაში. ეს არის ნაბიჯი, როდესაც ამ ნაბიჯით ეროვნული ბანკი, ფაქტობრივად, უქმდება და მხოლოდ ტექნიკური ფუნქციები რჩება", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამასთან, იგი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ ინიცირებულ კანპონპროექტში პოლიტიკურ კონტექსტსაც ხედავს და აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს სამი წევრი მომავალ წელს შეიცვლება და ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატურების შერჩევა, სავარაუდოდ, იგივე მექანიზმით მოხდება როგორც პრეზიდენტი ამჟამად არჩევს ანუ ექსპერტებთან კონსულტაციების გზით, რაც თანამდებობებზე პროფესიონალის წარდგენას გამოიწვევს და არა ნათესაურ-პოლიტიკურ თუ სხვა ნორმით შერჩევას, რასაც დღეს აქვს ადგილი.