საფინანსო სექტორს სახელმწიფო ზედამხედველობას ეროვნული ბანკის შესაბამისი კომიტეტის ნაცვლად, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო გაუწევს

საფინანსო სექტორის ერთადერთი სახელმწიფო საზედამხედველო ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო იქნება. ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი უქმდება. სადღეისოდ, სწორედ ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის ფუნქციაა საფინანსო სექტორის საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, რაც ახალ სსიპ-ს - საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს დაეკისრება.

"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, რომელიც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა და მისმა პირველმა მოადგილემ ნოდარ ებანოიძემ მოამზადეს, 2015 წლის 1-ელი ივლისიდან საქართველოს ეროვნულ ბანკთან იქმნება სსიპ - საქართველოს ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო, რომლის ძირითადი ფუნქცია იქნება: საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა. სააგენტო ანგარიშვალდებული იქნება სააგენტოს საბჭოს წინაშე. სააგენტოს საქმიანობას სააგენტოს საბჭო უხელმძღვანელებს. სააგენტოს საბჭოს შემადგენლობაში შვიდი წევრი შევა, რომელთაგან პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, ერთ-ერთი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იქნება, ხოლო დანარჩენი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, პროფესიონალები ეკონომიკის ან ფინანსების დარგში და რომლებსაც ექნებათ საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება. სააგენტოს საბჭო, სააგენტოს საბჭოს წევრებისგან, თავმჯდომარეს ხმათა უმრავლესობით აირჩევს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იმავდროულად არ შეიძლება სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე იყოს. ამასთან, პროექტის მიხედვით, სააგენტოს საბჭოს 2-2 წევრის (გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა) წარდგენის უფლება ექნებათ პარლამენტის თავმჯდომარეს, ფრაქციას, პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს. საქართველოს პარლამენტი 7 წლის ვადით, პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს სააგენტოს საბჭოს წევრებს, გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა. პარლამენტი უფლებამოსილი იქნება სააგენტოს საბჭოს ზოგიერთი წევრი 7 წელზე ნაკლები ვადით აირჩიოს.

პროექტით განისაზღვრება სააგენტოს უფლებამოსილება საფინანსო სექტორის ზედამხედველობის, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქმიანობის რეგულირების, საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის და ზედამხედველობის, კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის კუთხით.

თამაზ მეჭიაურისა და ნოდარ ებანოიძის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა. ცვლილება სულ 13 კანონში ხორციელდება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, საკითხის მიმართ ინტერესი დიდია. უსუფაშვილმა კოლეგებს მოუწოდა, საკანონმდებლო პაკეტის განხილვა ყველა დაინტერესებული მხარის მაქსიმალური ჩართვით განხორციელდეს.