გიორგი ქადაგიძე: რეზერვებს ვხარჯავდით მაშინ, როდესაც იყო პიკი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით, 2014 წელი იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული იმ თვალსაზრისით, რომ "ჩვენ მივიღეთ შოკი ჩვენს საგადამხდელო ბალანსზე".

როგორც გიორგი ქადაგიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, ზაფხულშივე გამწვავებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა რეგიონში და ზოგადად აღმოსავლეთ ევროპაში, აისახა მრავალ ფაქტორზე და დოლარის უპრეცედენტო გამყარებასთან ერთად აისახა ქვეყნის მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან ტრანზაქციებზე, შესაბამისად, შემცირდა გადმორიცხვები, შემცირდა ექსპორტი და ზრდა შეაჩერა ტურიზმმა.

გიორგი ქადაგიძის განცხადებით, 2014 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გაღრმავდა 625 მილიონი დოლარით. "ამ სავალუტო შემოდინებების შემცირების პირობებში, ეს აისახა ლარის კურსზე და დოლარის კურსმა დაიწყო გაუფასურება. შესაძლებელია თუ არა, რომ ეროვნულმა ბანკმა შეაჩეროს ეს პროცესი?! რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკი ვერაფერს ვერ დაუპირისპირებს და ვერ გამოასწორებს შემცირებულ შემოდინებებს, მაგრამ ჩვენს შეცდომას და ჩვენს არასწორ რეაგირებას შეიძლება ჰქონდეს გაცილებით მძიმე ეფექტი ჩვენი ეკონომიკისთვის. ჩვენ შეიძლება ჩვენი არასწორი ქმედებებით მივაყენოთ ისეთი დარტყმა ეკონომიკას, რომლის შედეგი ძალიან დიდხანს იქნება სახეზე და თითოული ჩვენი მოქალაქის გადასახდელი იქნება მომავალში", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

გიორგი ქადაგიძემ ის შეცდომებიც დაასახელა, რაც ასეთ ვითარებაში შეიძლება დაუშვას ეროვნულმა ბანკმა. მისი თქმით, პირველი ეს არის სავალუტო რეზერვები. "ნებისმიერი კრიტიკა და ზეწოლა ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების დახარჯვით, როდესაც საუბარი გვაქვს არა შიდა ნომინირებულ შოკზე, როგორც მაგალითად იყო 2013 წელს, არამედ როდესაც საუბარი გვაქვს საგარეო შოკზე, ანუ შემოდინებების შემცირებაზე, ეროვნული ბანკის მიერ დიდი ინტერვენციები ამის დასაკომპენსირებლად არის არასწორი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების შედეგი არის ის, რომ რამდენიმე თვე კურსი ნარჩუნდება საბაზროზე დაბალ ნიშნულზე, შემდეგ უკვე რეზერვებიც დახარჯულია და კურსი უფრო მეტად უფასურდება. შესაბამისად, რადგან რეზერვები არ გვაქვს ჩვენი რეიტინგები მოდის ქვევით და ამას მოჰყვება უამრავი პროცესი. სამწუხაროდ, ბევრი ქვეყანა უშვებს ამ შეცდომას კრიზისულ პერიოდში. რეგიონში, ბევრმა ქვეყანამ გაიმეორა ასეთი ტიპის პოლიტიკით რეაგირება და არსად, არც ერთ ქვეყენაში ამან არ გაამართლა. საბოლოო ჯამში ყველა ქვეყანას მოუწია კურსის გაუფასურება. მაგალითად, იგივე ჩვენი მოძმე აზერბაიჯანის შემთხვევაზე თუ ვსაუბრობთ, სადაც ფიქსირებული კურსის დაჭერას ცდილობდნენ და 5 მილიარდ დოლარამდე დახარჯეს. მიუხედავად ამისა, ზეწოლა იმდენად გაიზარდა არასაბაზრო კურსის შენარჩუნებისთვის, რომ მაინც მოუწია კურსის დევალვაცია. მე არ მინდა განზრახ ჩამოვთვალო ქვეყნები, მაგრამ პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში დაახლოებით იგივე მოხდა. ჩვენ ასევე ხშირად გვესმის, რომ თუ დავხარჯავდით იგივე დონის რეზერვებს, მაგრამ დავხარჯავდით უფრო ადრე, ეს უშველიდა სიტუაციას. ზუსტად ამას აკეთებდნენ სომხეთიც, მოლდოვაც და სხვა ქვეყნები. ჩვენ ვხარჯავდით მაშინ, როდესაც უკვე იყო პიკი და მაქსიმალურად ვცდილობდით მოკლევადიანი აჟიოტაჟის ჩაქრობას. ის, რომ ჩვენ მანამდე დავხარჯავდით და კურსი არ გაუფასურდებოდა, ასეთი პრეცედენეტი არ არსებობს მსოფლიოში არსად. ანალოგიურად, ეს იქნებოდა რეზერვების ჰაერში გაფლანგვა", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

მისივე განმარტებით, ლარის გაუფსურება არ იყო გამოწვეული მონეტარული საბაბით, ანუ ფულის ზრდით. როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, სარეზერვო ფულის მასის ზრდა დაიყვანეს ნულამდე.  "გაუფასურება, რომელიც ჩვენ გვქონდა დღეს, არის შემოდინებების ნაკლებობა და არაფერი სხვა. იმისთვის, რომ ჩვენ შეგვეჩერებინა დარტყმა ჩვენს ეკონომიკაზე, სხვადასხვა არხებით, ბოლო პერიოდში ჩვენ ეკონომიკიდან ამოვიღეთ 700 მილიონი ლარი. 700 მილიონი ლარი, რომელიც ამოვიღეთ ეკონომიკიდან, თავისთავად ცხადია ამოვიდა საბანკო არხებიდან. იმისთვის, რომ ბანკებს დაეჭირათ მიმდინარე ლიკვიდობა, ან ჩვენგან უნდა წაეღოთ რეფინანსირების სესხები, ან მეორე გზა იყო შეემცირებინათ საკრედიტო პორტფელი. თუ საკრედიტო პორტფელს შეამცირებდნენ და ჩვენ არ მივცემდით ამ თანხას, მოხდებოდა ის, რომ ჩვენს ეკონომიკას გადავიყვანდით რეცესიაში. ეს არ არის თეორიები რაზეც მე ვსაუბრობ, ამ გზას დაადგა რეგიონში ბევრი და ამიტომ ითვლება, რომ ჩვენ გვქონდა ერთ-ერთი საუკეთესო რეაგირება ამ პროცესებზე", - განაცხადა ქადაგიძემ.