ევრო დოლართან მიმართებაში გაუფასურდა

ანალიტიკოსთა განცხადებით, დოლარის მყარი კურსი ნავთობზე ფასის გაზრდას შეაფერხებს.

დღევანდელი დილის მონაცემებით, მსოფლიო ბაზარზე დოლართან მიმართებაში ევრო გაუფასურდა და ერთი ევროს ღირებულება 1,0977-დან 1,0933-მდე დაეცა. დოლარი გამყარდა იაპონურ იენთან მიმართებაშიც და ერთი დოლარის ღირებულება 121,56 იენიდან 121,85 იენამდე გაიზარდა.

”ბლუმბერგის” ცნობით, დოლარის ინდექსი ექვსი ძირითადი ვალუტის კალათის მიმართ 0,32%-ით - 96,70 პუნქტამდე გაიზარდა. ანალიტიკოსთა განცხადებით, დოლართან მიმართებაში ევროს კურსის ვარდნა ინვესტორების სიფრთხილეს უკავშირდება. ინვესტორები შიშობენ, რომ საბერძნეთი მორიგ ტრანშს - 300 მილიონ ევროს საერთაშორისო სავალუტო ფონდს არ გადაუხდის, რომელიც წესით 5 ივნისს უნდა გადაიხადოს.

ამასთან ერთად, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ დოლარის მყარი კურსი ნავთობზე ფასის გაზრდას შეაფერხებს. დღევანდელი დილის მონაცემებით, ”ბრენტის” მარკის ნავთობი 0,07 დოლარით გაძვირდა და ბარელზე 65,59 დოლარი შეადგინა, WTI-ის ნავთობზე ფასი კი 0,15 დოლარით გაიზარდა და ბარელზე 59,87 დოლარს მიაღწია.