მსოფლიოში შაქარი 25%-ით გაიაფდა, საქართველოში კი - არც ერთი თეთრით

ბოლო 1 წლის ტენდენცია ადგილობრივ ბაზარზე თითქმის არ ასახულა

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, საერთაშორისო ბაზრებზე შაქარი მკვეთრად იაფდება, ხოლო საქართველოში ამ ტენდენციას 5-თეთრიანი ფასდაკლებით პასუხობენ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 1 ტონა თეთრი შაქარი საერთაშორისო ბაზარზე 123 დოლარით გაიაფდა, ხოლო წლის დასაწყისიდან მოყოლებული - 66 დოლარით.

ამჟამად საერთაშორისო ბაზარზე 1 ტონა შაქრის ღირებულება 350 დოლარამდეა ჩამოსული. ლარის კურსის გათვლით და დღგ-ს ჩათვლით, 1 კილოგრამი შაქრის თვითღირებულება საქარველოში დაახლოებით 93 თეთრია. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ქართველი სპეციალისტების გათვლით, ეს პროდუქტი ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე 20 თეთრით იაფი მაინც უნდა ღირდეს. ამჟამად თბილისის სავაჭრო ობიექტებში 1 კგ შაქარი 1,35-1,45 ლარად იყიდება.

ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე შაქარი ყველაზე ძვირი 11 მაისს ღირდა, როდესაც 1 ტონა პროდუქტის ღირებულებამ 385 დოლარი შეადგინა. მას შემდეგ მუდმივად იაფდება და ახლა 350 დოლარი ღირს. ბოლო 4 თვეში შაქარი - 66 დოლარით, ხოლო 1 წლის განმავლობაში 123 დოლარით გაიაფდა. 2015 წელს ყველაზე მაღალი ფასი 22 იანვარს დაფიქსირდა - 1 ტონა 416 დოლარი. გაიაფების ტენდენცია ამ ეტაპზეც გრძელდება. უცხოელი ანალიტიკოსების ვარაუდით, შესაძლოა, შაქრის ფასი 340 დოლარსაც ჩამოსცდეს.

შაქრის ქართული ბაზარი კი საერთაშორისო პროცესებს მხარს ვერ უბამს. სპეციალისტების ვარაუდით, იმპორტიორებისთვის ერთ-ერთი შემაფერხებელი მიზეზი, რის გამოც პროდუქტის გაიაფება უჭირთ, სავალუტო კურსია. თუ ლარის გამყარების ტენდენცია სამომავლოდაც გაგრძელდება და საერთაშორისო ფასიც ხელს შეუწყობს, შესაძლოა, შაქარი საქართველოშიც 10-15 თეთრის ფარგლებშიც გაიაფდეს.

სავაჭრო ქსელებსა და სუპერმარკეტებში 1 კილოგრამი შაქრის ფასი კვლავ 1,30-1,40 ლარია. ზუსტად ამდენი ღირდა ის შარშანაც, როცა საერთაშორისო ბაზარზე 1 ტონა შაქრის ფასი 473 დოლარი იყო, ანუ 123 დოლარით მეტი. ათიოდე დღის წინ 1 კგ "აგარის შაქარი"  5 თეთრით გაიაფდა (1 ტონა - 50 ლარით). ამჟამად აგარაში მდებარე "ქუალითი შუგარი" 1 ტ შაქარს 1200 ლარად ყიდის. კომპანიის გენერალური დირექტორის ალხან ალიზადეს ინფორმაციით, საფასო ცვლილება საერთაშორისო ტენდენციას უკავშირდება და არ არის გამორიცხული, მომავალშიც გაგრძელდეს, თუკი დაბალი ფასი დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდება. ამჟამად საქართველოში შაქარი უკრაინიდან, ბულგარეთიდან და ბრაზილიიდან შემოდის.

"შაქარი ცოტათი გავაიაფეთ, მსოფლიოში ამ პროდუქტის ფასი დაბლა იწევს და შევეცადეთ, სხვაობა აქაც აგვესახა. აქამდე საბითუმო ღირებულება 1,25 ლარი იყო და 5 თეთრით შემცირდა. ვფიქრობ, ეს ცვლილება საცალო გაყიდვასაც დაეტყობა. გადამყიდველები შემდეგში რა ფასად გაყიდიან, ეს მათი საქმეა და ჩვენ ხომ არ ჩავერევით? მთავარია, პროდუქტზე ფასმა იკლო და ეს საცალო გაყიდვასაც უნდა დაეტყოს. ჩვენ ნედლეული ბრაზილიიდან ჩამოგვაქვს და ფასმა იქაც დაიწია, თუმცა ყოველ წუთს შეიძლება შეიცვალოს მდგომარეობა, პროგნოზირება ჭირს. შესაძლებლობა თუ მოგვეცემა, შევეცდებით, შაქარი მომავალშიც გავაიაფოთ, მაგრამ მოსალოდნელ გეგმებზე საუბარი ჯერ ადრეა. მთავარია, პროდუქტის გაიაფება სამომხმარებლო ბაზარსაც დაეტყოს და ქართველმა მომხმარებელმაც იგრძნოს", - აცხადებს ალხან ალიზადე.

სპეციალისტების აზრით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ქართული ბაზარი საერთაშორისო პროცესებს მხარს ვერ უბამს, მონოპოლიურ ვითარებას უკავშირდება. ამ სქემით კონკურენციის სააგენტო სერიოზულად უნდა დაინტერესდეს. ეკონომიკის ექსპერტის რამაზ გერლიანის აზრით, შაქრის ფასს საქართველოში ბაზრის შიდა მდგომარეობა განსაზღვრავს.

"შაქრის ფასი საერთაშორისო პროცესებს ვერ პასუხობს, რაც მონოპოლიას უკავშირდება. ამ პროდუქტს ბაზარზე ძალიან ცოტა შემომტანი ჰყავს, არ არის კონკურენცია და მაღალი ფასიც ამიტომ გვაქვს. გაძვირების მხრივ რომ ყოფილიყო ცვლილება, გავლენას მყისიერად მოახდენდა. დღესდღეობით ყველა პირობაა იმისთვის, რომ საქართველოში შაქარი, სულ ცოტა, 10-15 თეთრით გაიაფდეს. მინიმალურ ციფრს ვასახელებ, ფასის შემცირების შესაძლებლობა რეალურად გაცილებით დიდია. მსოფლიო ტენდენციაც ხელს უწყობს - წელს დიდი მოსავალია. ფასთან დაკავშირებით ერთადერთი ხელის შემშლელი ფაქტორი უკრაინაში შექმნილი სიტუაციაა, სხვა მხრივ, არანაირი დაბრკოლება არ არის. ფაქტია, რომ ჩვენთან პრობლემა ბაზარზე მონოპოლიური ვითარებითაა განპირობებული. იმპორტიორებისთვის გარკვეულ წინააღმდეგობას ქმნის დოლარის კურსიც, მაგრამ საერთაშორისო ფასი მათ ლავირების შესაძლებლობას აძლევს", - აცხადებს რამაზ გერლიანი.

მისი აზრით, შექმნილი ვითარებით შეუძლიათ ისარგებლონ მსხვილმა იმპორტიორებმა, რომლებიც უშუალოდ შაქრის იმპორტს არ ეწევიან, მაგრამ აქვთ შესაძლებლობა ამ საქმიანობითაც დაკავდნენ. კარგი იქნება, კონკურენციის მიზნით, ბიზნესმენები ამ ბაზრითაც დაინტერესდნენ. ფაქტობრივად, ფასს ერთი იმპორტიორი კომპანია განსაზღვრავს და მას აქვს ფასზე ზემოქმედების საშუალება; ანუ დღესდღეობით შაქარი ღირს იმდენი, რაც იმ ერთი კომპანიისთვის არის მომგებიანი. ამდენად, მონოპოლიური ვითარების გამო, საერთაშორისო დინამიკას შაქრის ადგილობრივი ბაზარი ვერ პასუხობს. "მნიშვნელოვანია, კონკურენციის სააგენტო ამ საკითხით დაინტერესდეს და საქართველოში შაქრის ბიზნესი საფუძვლიანად შეისწავლოს", - დასძენს რამაზ გერლიანი.

შეიძლება ითქვას, შაქარი ერთ-ერთი საკვები პროდუქტია, რომლის ფასი რეალიზაციაზე უარყოფით გავლენას ვერასდროს მოახდენს. ის კარგად გაყიდვადი პროდუქტი იყო მაშინაც, როცა 1 კილოგრამი შაქრის ფასი 2,5 ლარს აჭარბებდა.

მსოფლიო ბაზარზე შაქრის გაიაფებას (რაც ბოლო თვეების განმავლობაში ფიქსირდება) უცხოელი ანალიტიკოსები პროდუქციის ჭარბ რაოდენობას უკავშირებენ, თუმცა იქვე დასძენენ, რომ 2016 წელს, პირველად ბოლო 5 წლის განმავლობაში, შესაძლოა, სეზონური დეფიციტი შეიქმნას. სავარაუდოდ, მსოფლიოში შაქრის წარმოება 203 მლნ ტონით შემცირდება, რაც ამჟამად არსებული მარაგის შემცირებასაც გამოიწვევს.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"