ფინანსთა მინისტრს იმედი აქვს, რომ დასაქმების პროცესი გაგრძელდება

მაჩვენებლები პირუთვნელად ადასტურებენ იმას, რომ საქართველოში დასაქმება გაზრდილია, - ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომლის თანახმად, 2014 წელს 2013 წელთან შედარებით საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა და 12.4% შეადგინა.

"ეს არის ის შედეგები, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს. ჩვენ არაერთხელ ვსაუბრობდით და მაჩვენებლები პირუთვნელად ადასტურებენ იმას, რომ საქართველოში დასაქმება გაზრდილია", - განაცხადა ხადურმა.  ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი გაგრძელდება.

"მე მესმის იმ 12.4%-ის პრობლემები, რომელთაც სამსახური არ აქვთ, მაგრამ ყველა პრობლემა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გადავჭრათ", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

2014 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2013 წელთან შედარებით 2.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.4 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, 2014 წელს უმუშევრობის დონემ ბოლო 11 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.