ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი დასრულდა

ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის - "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის შესაძლებლობების გაძლიერება" დახურვის ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ბორის იაროშევიჩი, ფინეთის ელჩი საქართველოში კრისტერ მიკელსონი, ესტონეთის ელჩი საქართველოში პრიტ ტრუკი და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორი თამარ ჯაფარიძე დაესწრნენ.

პროექტის მიზანს აკადემიის სტრატეგიული მენეჯმენტის შესაძლებლობების გაძლიერება, მაღალი ხარისხის ტრენინგ-პროგრამების, ასევე პროფესიული კარიერის განვითარების პროგრამების შემუშავება და განხორციელება, აკადემიის ხარისხის მართვის სისტემის გაძლიერება წარმოადგენდა.  პროექტის ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს აკადემიის 2015-2020 სტრატეგია შეიქმნა, ასევე ტრენინგების კატალოგი და კალენდარი, ელექტრონული სწავლების სისტემა და ელექტრონული კურსები, სამუშაოს შეფასების სისტემა, ხარისხის მართვის გზამკვლევი და ადამიანური რესურსების მართვის ექსპერტები გადამზადნენ.

პროექტი ფინეთისა და ესტონეთის კონსორციუმების - ფინეთის საჯარო მმართველობის ინსტიტუტის და ესტონეთის უსაფრთხოების მეცნიერებების აკადემიის საჯარო სამსახურის განვითარებისა და ტრენინგების ცენტრის მიერ განხორციელდა. ფინანსთა მინისტრმა აღნიშნულ ღონისძიებას უმნიშვნელოვანესი უწოდა.  მისი თქმით, ფინელ და ესტონელ კოლეგებთან ერთად აქტიურად მუშაობდნენ იმისთვის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის შესაძლებლობები განევითარებინათ და იმ სტანდარტებთან მიეახლოვებინათ, რომლითაც ევროკავშირი მუშაობს.