ფიფა-ს კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის ბრალდებით, ერთ-ერთ მარკეტინგულ კომპანიაში ჩხრეკა ჩატარდა

ბრაზილიის პოლიციამ რიო-დე-ჟანეიროში ერთ-ერთ მარკეტინგულ კომპანიაში ჩხრეკა ჩაატარა, რომელიც გამოძიების ვარაუდით, ფიფა-ს კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობდა. "ბიბისის" ცნობით, ბრაზილიის პოლიცია აცხადებს, რომ კომპანია Klefer Sports Marketing-ს კავშირი აქვს იმ კომპანიებთან, რომლებსაც აშშ ფიფა-ს ხელმძღვანელებისთვის ქრთამის მიცემაში ადანაშაულებს.  ბრაზილიური კომპანიის წარმომადგენლები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის.

გუშინ შვეიცარიის პოლიციამ ქალაქ ციურიხში ფიფა-ს შვიდი ხელმძღვანელი პირი დააკავა. აშშ-ის საგამოძიებო ორგანოების ცნობით, ისინი ქრთამის სახით ბოლო 24 წლის განმავლობაში 150 მილიონ დოლარზე მეტი თანხის აღებაში არიან ბრალდებულები. პარალელურად, ფიფა-ს ხელმძღვანელების წინააღმდეგ შვეიცარიელმა პროკურორებმაც აღძრეს საქმე. ისინი 2018 და 2022 წლებში მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის ადგილის არჩევის დროს უკანონო ქმედებებზე საუბრობენ. აღნიშნულ საქმეებში სულ 14 პირი ფიგურირებს, თუმცა, მათ შორის არ არის თავად ფიფა-ს პრეზიდენტი ზეპ ბლატერი.

29 მაისს, ციურიხში ფიფა-ს მომდევნო პრეზიდენტის არჩევნები უნდა გაიმართოს, რომელშიც ერთმანეთს თავად ბლატერი და იორდანიის პრინცი, ალი ბინ ალ-ჰუსეინი დაუპირისპირდებიან. აღნიშნულ არჩევნებთან დაკავშირებით უეფა-ს წარმომადგენლები დღეს, დღის ბოლომდე შეხვედრას აპირებენ იმისათვის, რათა გადაწყვიტონ, გამოუცხადონ თუ არა მომხდარის გამო ბოიკოტი ხვალინდელ კენჭისყრას.

ფიფა-ს წამყვანი სპონსორები, ისეთები როგორიცაა მაგალითად "კოკა-კოლა", "ადიდასი", "სონი" და "გაზპრომი", მომხდართან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ. მათი განცხადებით, კორუფციულმა სკანდალმა მსოფლიო ფეხბურთს იმიჯი შეულახა.