გივი თარგამაძის ინფორმაციით, საქართველოში კორუფციული სქემით ნაშოვნი ფული პუტინის დაქვემდებარებაში მყოფ რუსულ კომპანიებში ნაწილდება

"ნაციონალური მოძრაობა" "ივანიშვილის კლანის მიერ ბათუმის პორტის ხელში ჩაგდებასა და გადაზიდვების", ასევე საწვავის ფასების კონტროლის სფეროს მონოპოლიზებაზე საუბრობს. დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გივი თარგამაძემ სქემა გამოაქვეყნა. მისი ინფორმაციით, ბათუმის პორტი, რომლის მმართველი ყაზახური "ტრანსგაზოილია", წლების განმავლობაში გამართულად მუშაობდა და სახელმწიფო ბიუჯეტში მილიონობით ლარი შეჰქონდა, თუმცა პრობლემები 2012 წლის დეკემბერში დაიწყო, როდესაც პორტის მმართველად ტალგატ ბაიტაზიევი დაინიშნა.

გივი თარგამაძის თქმით, კერძო კომპანიაში საკადრო გადაწყვეტილება კომპანიის საქმეა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვინაიდან ბაიტაზიევი არაღიარებულ დნესტრისპირეთის რესპუბლიკაში საქმიანობდა, საქართველოს მთავრობას ყველა ფორმალური და არაფორმალური ბერკეტი გააჩნდა, რათა არ დაეშვა სტრატეგიული ობიექტის მმართველად სეპარატისტებთან დაკავშირებული პირის დანიშვნა. მისივე ინფორმაციით, მოგვიანებით გაირკვა, რომ ბაიტაზიევი კორუფციული სქემის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და ეს სქემა ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის უშუალო მონაწილეობით ხორციელდებოდა.

გივი თარგამაძის თქმით, კორუფციული სქემა ერთი მხრივ, ბათუმის პორტიდან გადამზიდავების ხელოვნურ განდევნას და მეორე მხრივ, ბათუმის ტერმინალის ე.წ. ბათუმის პატარა პორტისთვის სასათბურე პირობების შექმნას ითვალისწინებს.

"ჩვენ წარმოვადგენთ სქემას, რომელიც გვაჩვენებს, რომ სახელმწიფო სტრუქტურების – ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, პროკურატურის, სასამართლოების მონაწილეობით კერძო სექტორში უხეში ჩარევით ხდება გადაზიდვების, საწვავის ფასებზე კონტროლის სფეროს მონოპოლიზება, პრაქტიკულად, სამუშაოს გარეშე რჩება ფოთის პორტი და ბათუმის ძირითადი პორტი, ყველაფრის აკუმულირება ხდება ბათუმის მცირე პორტში, კოლოსალური თანხები საბოლოო ჯამში სცდება საქართველოს ბიუჯეტს და მიდის ბიძინა ივანიშვილის ჯიბეში. მისი დეიდაშვილის მეშვეობით, მისი მმართველობის ქვეშ არსებული რკინიგზის მიერ დაფუძნებული ფირმის მეშვეობით და ეს თანხები შემდეგ ნაწილდება ბიძინა ივანიშვილსა და პუტინის ერთ-ერთ მთავარ რუსულ კომპანია "ლუკოილს" შორის", - განაცხადა გივი თარგამაძემ.

მისივე თქმით, ეს მასშტაბური სქემაა, რომელშიც ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მონაწილეობს, ხოლო იდეა ვანო ჩხარტიშვილს ეკუთვნის, რომლის კადრი ოთარ შეროზია ბათუმის ძირითადი პორტის ხელმძღვანელად დაინიშნა და მისი ძირითადი ფუნქციაა, ხელი არ შეუშალოს პატარა პორტის საქმიანობას.  გივი თარგამაძის ინფორმაციით, ყაზახებმა სწორედ ამის გამო უარი თქვეს საპარტნიორო ფონდში მონაწილეობაზე.

როგორც თარგამაძემ აღნიშნა, შესაბამისად დაიმსხვრა მითი იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთში შოულობდა მილიონებს და საქართველოში ხარჯავდა. თარგამაძის თქმით, ივანიშვილი მადლს უბრუნებს რუსულ კომპანიებს და საქართველოში კორუფციული სქემით ნაშოვნი ფული სწორედ პუტინის დაქვემდებარებაში მყოფ რუსულ კომპანიებში ნაწილდება.