თბილისის მერიასთან იპოთეკით დაზარალებული პირების და ე.წ. ატსტუპნიკების აქცია მიმდინარეობს

თბილისის მერიასთან იპოთეკით დაზარალებული პირები და ე.წ. ატსტუპნიკები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები თბილისის მერთან შეხვედრას მოითხოვენ. მათი თქმით, ერთი თვის წინ, დავით ნარმანიასგან მიიღეს დაპირება, რომ გამოსახლება შეწყდებოდა, თუმცა გამოსახლება კვლავ გრძელდება და მათ აინტერესებთ, რატომ არ შესრულდა თბილისის მერის დაპირება.

დღევანდელ აქციაზე იმყოფებიან თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი კორპუსის ბინის მცხოვრებლები. მათი განცხდებით, კორპუსის 65 ოჯახს ემუქრება გამოსახლება, რადგან ტერიტორია, რომელზეც კორპუსი მდებარეობს, ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა.

აქციის მონაწილის, ირინა მღვდელაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება არ მოისურვებს და არ დაიწყებს მათზე ზრუნვას და მათი პრობლემების მოგვარებას, საქართველოში სოციალური აფეთქება მოხდება. მღვდელაძის თქმით, პირველი ის იქნება და მომავალი კვირის ორშაბათს კანცელარიასთან აპირებს პირისა და თვალების ამოკერვას. "ვაპირებ და გადაწყვეტილი მაქვს, რომ ეს გავაკეთო. დავჯდები კანცელარიის წინ და ამოვიკერავ თვალებსა და პირს, რათა დაგვინახოს ღარიბაშვილმა თუ რა დღეში ვართ და რა მდგომარეობაში", - განაცხადა ირინა მღვდელაძემ.