"თელასი" 2014 წლის მოგებიდან 8,8 მლნ ლარის დივიდენდებს გადაიხდის

კომპანია "თელასი" 2014 წლის მოგებიდან 8,8 მლნ ლარის დივიდენდებს გადაიხდის. კომპანია "თელასის" ინფორმაციით, პირველად სს "თელასის" არსებობის მანძილზე მიღებულია გადაწყვეტილება დივიდენდების გადახდის შესახებ.  აღნიშნული გადაწყვეტილება სს "თელასის" აქციონერთა წლიურ საერთო კრებაზე იქნა მიღებული.

"საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭომ სს "თელასის" აქციონერთა წლიურ საერთო კრებას შესთავაზა, 2014 წლის შედეგების მიხედვით, გადახდილ იქნეს დივიდენდები ჩვეულებრივ აქციებზე 8 802 000 ლარის ოდენობით ფულადი სახით, მათი გადახდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 60 დღის განმავლობაში", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, "თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც თბილისში ელექტროენერგიის განაწილებას ახორციელებს. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს "თელასი" "ინტერ რაოს" შემადგენლობაში შევიდა. "ინტერ რაოს" მფლობელობაშია "თელასის" აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე სახელმწიფოს საკუთრებაა.

რაც შეეხება ჯგუფ "ინტერ რაოს", განცხადების თანახმად, ეს არის დივერსიფიცირებული ენერგეტიკული ჰოლდინგი, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. "კომპანიას რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. "ინტერ რაოს" სტრატეგია მიმართულია გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთ-ერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. "ინტერ რაოს" ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 35 გიგავატს შეადგენს", - ნათქვამია განცხადებაში.