გადათხრილი გზები და ფურცელზე დარჩენილი ვალდებულებები

პრობლემა, რომელზეც გიამბობთ, როგორც ჩანს, კიდევ კარგა ხანს ვერ მოგვარდება. როგორც ჩანს, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდგომ ტერიტორიის მოწესრიგების ვალდებულება მხოლოდ ფარატინა ფურცელზე რჩება. ამის ნათელი მაგალითია ვარკეთილის მე-4 მიკრო-რაიონის მიმდებარე ტერიტორია, სადაც შარშან ზაფხულში "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" (GWP) სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა - ძველი გაყვანილობა ახლით შეცვალა. თუმცა, მუშაობის დასრულების შემდეგ კორპუსის წინ ნახევრად ამოვსებული ორმო და გადათხრილი სავალი გზის ნაწილი დატოვეს. სიცხეში იქაურობა მტვერშია გახვეული, წვიმის დროს კი მოსახლეობას ტალახში სიარული უწევს. მოსახლეობის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, დღემდე ეს პრობლემა არ მოგვარდა.

მართალია, მერიის ზედამხედველობის სამსახური ურჩ კომპანიებს აჯარიმებს, მაგრამ შედეგი მაინც არ ჩანს. საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე გადათხრილ ტერიტორიასა თუ ტროტუარებს მაინც არაფერი ეშველა. მერიაში ამბობენ, რომ ჯარიმის გარდა, მათზე ზემოქმედების სხვა ბერკეტი არ გააჩნიათ.

როგორც ჩანს, ტერიტორიის მოწესრიგებაზე არც მერია იტკივებს თავს. გახსოვთ, ალბათ, დედაქალაქის ამჟამინდელი მერის წინასაარჩევნო დაპირება მილიონი ხის დარგვაზე. განაშენიანებაში, რომელიც გასულ წელს დაიწყო, ვარკეთილის დასახლებაც მოჰყვა. მე-4 მიკრო-რაიონის და სუხიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაძვები დარგეს. თუმცა, მალე ნერგები გაუჩინარდა, მათ ადგილას კი უზარმაზარი ორმო და მილები დარჩა. მერიაში ამგვარი ქმედება იმით ახსნეს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე "ოლიმპიური სოფელი" შენდება და მერიის კეთილმოწყობის სამსახურს საკანალზიაციო მილები გაჰყავდა. ნერგები სხვაგან გადარგეს, სამუშაოს დასრულების შემდგომ კი ამ ადგილზე სხვა ნერგების დარგვა იგეგმებოდა. ცხადია, სარემონტო სამუშაოები აუცილებელია, მაგრამ დედაქალაქის მერია წინასწარ შედგენილი გეგმით ხომ უნდა მოქმედებდეს? სხვა თუ არაფერი, ეს ყველაფერი დამატებით ხარჯებთანაცაა დაკავშირებული.

თუმცა, ახალი ნერგების დარგვას ვინ ჩივის, სამუშაოს დასრულების შემდეგ ორმოები მიწით ამოავსეს და ყველაფერი ამით დასრულდა. ტერიტორიიდან სამშენებლო ნაგავი ჯერაც არ გაუტანიათ. დედაქალაქის მერიაში ამბობენ, რომ გაზონს აღადგენენ და ახალ ნერგებსაც დარგავენ, ოღონდ მას შემდეგ, რაც "ოლიმპიური სოფლის" საკანალიზაციო მილების გაყვანა დასრულდება. "მნიშვნელობა არა აქვს, რომ კონკრეტულ მონაკვეთზე მუშაობა დასრულდა, სანამ მთელ ტერიტორიაზე სამუშაოები არ დასრულდება, მანამდე არაფერი ეშველება. ეს ზაფხულამდე გაგრძელდება," - გვითხრეს მერიაში.

რაც შეეხება GWP-ს, მერიაში ამბობენ, რომ მათი უფლებამოსილება მხოლოდ დაჯარიმებით შემოიფარგლება. კერძო კომპანიაზე ზემოქმედების სხვა ბერკეტი არ გააჩნიათ: "კომპანია ვალდებულია სამუშაოს დასრულების შემდეგ, ტერიტორია მოაწესრიგოს და ასფალტი დააგოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე ზედამხედველობის სამსახურს გადაეცემა რეაგირებისთვის," - ამბობენ მერიაში.

როგორც ჩანს, კომპანიას ჯარიმის გადახდა უღირს, რადგან ასფალტის დაგება უფრო ძვირი უჯდებათ, ამბობენ ექსპერტები.

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენლები კი აცხადებენ: "რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ქსელების განახლება თებერვლის ბოლოს დასრულდა. ამჟამად დარჩენილია გზის საფარის მოწესრიგება, რაც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" კომპეტენცია არ არის. ყოველწლიურად კომპანია და თბილისის მერია ერთობლივად ახორციელებენ დედაქალაქის ქუჩების რეაბილიტაციის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც კომპანია ცვლის ხანდაზმულ მიწისქვეშა კომუნიკაციებს - წყლის, დენისა და საკანალიზაციო ქსელებს. ამავე პროგრამის ფარგლებში გზის საფარის მოწესრიგება თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს ევალება".

როგორც ჩანს, მერიას და კერძო კომპანიებს ისიც ვერ გაურკვევიათ, ვის ევალება ტერიტორიის მოწესრიგება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვალდებულებები მხოლოდ ფარატინა ფურცელზე რჩება. საბოლოოდ, კვლავ მოსახლეობა ზარალდება.

სალომე გოგოხია