"ეროვნული ბანკი და მთავრობა ერთ თამაშს თამაშობენ"

ბანკების ზედამხედველობის სააგენტო უფუნქციო ორგანიზაცია იქნება?

ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტში უკვე წარდგენილია, ბანკების ზედამხედველობის სააგენტო ცალკე უწყებად უნდა ჩამოყალიბდეს. კანონპროექტის ინიციატორები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე - თამაზ მეჭიაური და ნოდარ ებანოიძე არიან. მეჭიაურის თქმით, ბანკების ზედამხედველობის სააგენტო დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება, რომელიც ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დარჩება, თუმცა ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბანკების ზედამხედველობის სააგენტო წინა წლებში უკვე არსებობდა და ეროვნულ ბანკს 2009 წელს შეუერთდა. მას ბანკის ახლანდელი პრეზიდენტი - გიორგი ქადაგიძე ხელმძღვანელობდა. სააგენტოს აღდგენას მეჭიაური აუცილებლად მიიჩნევს და საამისოდ პოლიტიკურ მიზეზებს ასახელებს: მისი თქმით, ამ სტრუქტურაში შემავალი პირები წინა ხელისუფლების დროს დაინიშნენ თანამდებობაზე და ამჟამინდელი ხელისუფლების ინტერესებს არ ასახავენ.

ეკონომისტების ნაწილი ახალი სააგენტოს ჩამოყალიბების იდეას ეჭვის თვალით უყურებს. bpn.ge-სთან საუბრისას ეს იდეა უარყოფითად შეაფასა საბანკო ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ცუცქირიძემაც, ხოლო პარლამენტარმა გია ჟორჟოლიანმა გვითხრა:

- საბანკო საქმიანობაზე ზედამხედველობის ეფექტიანობის გაზრდას მე მიზანშეწონილად მივიჩნევ. ვფიქრობ, რომ საამისო მექანიზმები გასაუმჯობესებელია, მაგრამ საბოლოოდ რა ფორმას მიიღებს კანონპროექტი, ეს ჯერ კიდევ არ ვიცით. რა ფორმა უნდა მიიღოს ზედამხედველობის მექანიზმებმა, ეს მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. სხვათა შორის, მეც ძალიან მაინტერესებს ეს საკითხი და აქტიურად მივიღებ მონაწილეობას მის განხილვაში. შეიძლება კანონპროექტს მოწინააღმდეგეებიც ჰყავდეს, განსაკუთრებით ეროვნული ბანკიდან, მაგრამ ჯერ უნდა ვიმსჯელოთ და საბოლოო დასკვნამდე მერე მივიდეთ.

სიტუაციის შეფასება ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ მიხეილ თოქმაჯიშვილსაც ვთხოვეთ:

- ჯერ უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რით დაიწყო ეს ყველაფერი: ლარის კურსის გაუფასურების შემდეგ წარმოიშვა ეჭვი, რომ კომერციული ბანკები სპეკულაციურ თამაშს თამაშობდნენ იმ მიზნით, რომ ლარის კურსი გაეზარდათ და აქედან სარგებელი მიეღოთ. სწორედ ამ ეჭვის გასაქარვებლად წარმოიშვა პოზიცია, რომ საბანკო სისტემაზე ზედამხედველობა გაძლიერებულიყო. საქმე ის არის, რომ კომერციული ბანკი და ეროვნული ბანკი ერთიანი სისტემაა. ასეთ დროს ყველანაირი დაქუცმაცება და დანაწევრება ნიშნავს, რომ ერთი და იგივე პროცესი ორმა განსხვავებულმა უწყებამ უნდა მართოს. ასეთი ვითარება რამდენიმე წლის წინ ჩვენ უკვე გვქონდა, მაგრამ არ გაამართლა. ამიტომ, ბანკების ზედამხედველობის სააგენტოს ცალკე უწყებად ჩამოყალიბებას მე ვერ მივესალმები. უფრო მეტიც, ეს ერთ მდინარეში ორჯერ შესვლის მცდელობას მაგონებს. ასეთი დაშლა და დარღვევა ეროვნული ბანკის მთლიანობისა, შესაძლებელია უარყოფითი შედეგის მომტანი იყოს.

თოქმაჯიშვილის შეფასებით, ასეთი თამაში ლამაზი არ არის იმიტომ, რომ ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი უნდა იყოს, ის უნდა აგებდეს პასუხს მონეტარულ მაჩვენებლებზე:

- ახალი ინსტიტუტის შექმნამ შეიძლება ვერ მოიტანოს ის შედეგი, რასაც მისგან ელიან, ხოლო თუ რაიმე დარღვევა ხდება, უმჯობესია პროცესებში სამართალდამცავი ორგანოები ჩაერთონ. მე შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ საბანკო სისტემაში რაღაც საეჭვო ხდებოდა, ან ხდება. კომერციულ ბანკს ყოველთვის აქვს მიდრეკილება, რომ ფული იაფად იყიდოს და ძვირად გაყიდოს, თუმცა, რამდენად იყო მათ საქმიანობაში უკანონობა, ამის დამტკიცება რთულია. სურვილი, რომ საბანკო სისტემა აკონტროლონ, ყოველთვის იარსებებს, მაგრამ ეროვნული ბანკი იმიტომ არსებობს, რომ მას უნდა მოსთხოვო პასუხი. თუ რაღაც ეჭვი გაქვს არაკანონიერი გარიგებების თაობაზე და მართებული პასუხი ვერ მიიღე, მაშინ სულ სხვა ორგანოს ჩარევაა საჭირო და არა ეროვნული ბანკის დაშლა-აწყობა. ჩვენ ყოველთვის გვინდა შეთქმულების ნიშნები ვიპოვოთ, მაგრამ თუ ეკონომიკა არ მოძლიერდება და ქვეყანაში ინვესტიციები არ შემოვა, არაფერი შეიცვლება. დოლარზე მოთხოვნა ყოველთვის იარსებებს და მისი ფასი ყოველთვის მაღალი იქნება.

თავისუფალი ეკონომიკური სკოლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი პაატა შეშელიძე ფიქრობს, რომ ამ სისტემაში რეალური ცვლილებებია საჭირო და არა - კოსმეტიკური:

- ჩვენ ზოგადად მონეტარული სისტემის პრობლემა გვაქვს, მისი ფუნდამენტური ცვლილებაა საჭირო და მხოლოდ ერთ სეგმენტზე აქცენტის გაკეთება დროის კარგვად მიმაჩნია. ამ ახალი უწყების შექმნა რამდენიმე ადამიანისთვის სამუშაო ადგილების შექმნის მცდელობაა და არა- რეალური საქმის კეთება. ჯობია ძირეულ ცვლილებებზე გაკეთდეს აქცენტი და არა - კოსმეტიკაზე. ეროვნულ ბანკს დღეს ძირითადად 3 ფუნქცია აქვს: ეს არის მონეტარული პოლიტიკის ფორმირების, საბანკო ზედამხედველობისა და ანგარიშგების ფუნქცია. ჩემი აზრით, ამ უკანასკნელს ბანკებიც კარგად გაათმევენ თავს, მონეტარული პოლიტიკის ფუნქციაც გასაუქმებელია იმიტომ, რომ ჩვენ ან საერთოდ უარი უნდა ვთქვათ ლარზე, ან უნდა მივაბათ ის დოლარს და ამით ბევრი პრობლემა მოგვეხსნება. მე ზედამხედველობის საჭიროებასაც ვერ ვხედავ, რადგან მიკროსაფინანსო სისტემა ამის გარეშეც მშვენივრად მუშაობს. საბანკო სისტემას ზედამხედველობა არ სჭირდება, ამიტომ რეალური ცვლილებებისკენ უნდა წავიდეთ და არა მოჩვენებითისკენ.

პაატა შეშელიძის აზრით, ეროვნული ბანკი და მთავრობა ერთ თამაშს თამაშობენ: "მონეტარულ პოლიტიკაში არსებულ ხარვეზებზე პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკს ეკისრება, მაგრამ ასევე ეკისრება მთავრობასაც. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი იმას აკეთებს, რასაც ავალებენ და თუ ეროვნული ბანკი ხარვეზს უშვებს, კერძო სექტორმა ეს უნდა გამოიყენოს, ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ. ძალიან ბევრი გონიერი ადამიანი ხედავს ხარვეზს და ამას სათავისოდ იყენებს. ამაში კერძო სექტორის დადანაშაულება არ შეიძლება. ამიტომ, კერძო სექტორზე ხელის შეწმენდა არასწორია. პირველი მიზეზი არის ის, რომ ჩვენ გვაქვს არასწორი მონეტარული სისტემა, რომელიც უშვებს ხარვეზებს და ამით ერთს აზარალებს, ხოლო მეორეს ახეირებს. ამიტომ, კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ეროვნული ბანკი იმ ფორმით, როგორითაც დღეს არსებობს, არ უნდა არსებობდეს. ასეთი მასშტაბური დევალვაციისთვის არანაირი წინაპირობები არ იყო, რა თქმა უნდა, მცირე ცვლილებები იქნებოდა, მაგრამ ეს უნდა დაზღვეულიყო ეროვნული ბანკის სწორი პოლიტიკით, რომელიც მან არ გაატარა. წინა წლებში როგორ ინარჩუნებდნენ ლარის კურსს? ამიტომ, ჯოხი უნდა გადატყდეს ყველაზე, ვინც დამნაშავეა.

ეროვნულმა ბანკმა ყველაფერი გააკეთა, რომ მთავრობის პოლიტიკისთვის ხელი შეეწყო. ნაცვლად იმისა, რომ მთავრობას თავის თავზე ეგრძნო პრობლემების ტვირთი, ეს ტვირთი მოსახლეობაზე გადავიდა. გადავიდა იმ ადამიანებზე, რომლებსაც ვალდებულებები აქვთ უცხოურ ვალუტაში. ეროვნული ბანკი და მთავრობა სინამდვილეში ერთ ბანაკში არიან, ერთმანეთს ხელს ჰბანენ და ძალიან კარგად თამაშობენ. თუნდაც ამიტომ, ჩვენ არ გვჭირდება სისტემა, როცა პოლიტიკა ერევა ეკონომიკაში. მთავრობას არ უნდა ჰქონდეს ეკონომიკაში ხელის ფათურის უფლება".

შეკითხვაზე, რას უნდა ველოდეთ პარლამენტში გიორგი ქადაგიძის მორიგი ვიზიტისაგან, პაატა შეშელიძე პასუხობს: "პარლამენტში ხომ უნდა იყოს ვიღაც, ვინც მას კრიტუკულ შეკითხვებს დაუსვამს? - ასეთი "ვიღაც" არ არსებობს. რაც შეეხება ბანკების ზედამხედველობის სააგენტოს, ეს არაფრის მაქნისი, უფუნქციო ორგანიზაცია იქნება, რომელიც ბევრს ვერაფერს შეცვლის."

ხათუნა ჩიგოგიძე