გიორგი კვირიკაშვილი - ქონება, რომელიც დღეს ჩვენს ბალანსზეა, აუცილებლად დასაბრუნებელია

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქონების დაბრუნების შესახებ კომენტარი გააკეთა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს უპასუხა, რა კრიტერიუმების მიხედვით და რა ფორმით მოხდება ქონების დაბრუნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აცხადებენ, რომ წინა ხელისუფლების დროს იძულებით ჩამოერთვათ ეს ქონება.

"პროკურატურა ახლად შექმნილი დეპარტამენტის ფორმატში აწარმოებს წინასწარ მოკვლევას, შემდეგ მათ გამოაქვთ დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, შემდეგ მიემართება ეკონომიკის სამინისტროს წინადადებით, რომ სამინისტრომ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცეს უკან ქონება, ხოლო ამ გადაცემის შედეგად წარმოშობილი გადასახადის ჩამოწერა ფინანსთა სამინისტროს აქვს დავალებული. ეს არის მოდელი. რაც შეეხება კრიტერიუმებს, ამ კითხვით უმჯობესია პროკურატურას მიმართოთ, რადგან იქ მიმდინარეობს გამოძიება ყველა ასეთ საქმეზე და დგინდება, ჰქონდა თუ არა ზეწოლას ადგილი და ასე შემდეგ. ქონება, რომელიც არის დღეს ჩვენს ბალანსზე, აუცილებლად დასაბრუნებელია და ყველა ასეთი შემთხვევა, რომელიც, რა თქმა უნდა, გაივლის იმ პროცედურას, რაზეც უკვე მოგახსენეთ, დაუბრუნდება მფლობელებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მინისტრის თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან უამრავი შეხვედრა შედგა ადამიანებთან, რომლებიც მიდიოდნენ ეკონომიკის სამინისტროში და აცხადებდნენ, რომ ესა თუ ის ქონება იყო წართმეული ან ძალით დათმობილი.

"ასეთ ქონებებზე ჩვენ არ გავაკეთეთ აქტივობა, ასე ვთქვათ, შევინახეთ ეს ქონება იმისთვის, რომ როდესაც დასრულდებოდა იურიდიული პროცედურები, ქონება არ აღმოჩენილიყო გაყიდული და მესამე პირების ხელში. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ გარკვეული ქონებები ჩვენამდე გაიყიდა, ამიტომ ეს რთული პროცესია და ასეთი ტიპის საკითხები სასამართლოს მეშვეობით წარიმართება", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.