HSBC მსოფლიოს მასშტაბით 25 ათას თანამშრომელს შეამცირებს

ევროპის უმსხვილესი ბანკი HSBC მსოფლიოს მასშტაბით 25 ათას თანამშრომელს შეამცირებს.

”ბიბისის” ინფორმაციით, ბანკის წარმომადგენელთა განცხადებით, ხარჯების შემცირებისა და ბიზნესის გამარტივების მიზნით, დიდ ბრიტანეთში ბანკი 8 ათას ადამიანს შეამცირებს, საერთო ჯამში კი HSBC-ის სხვადასხვა ფილიალებში 25 ათასი დასაქმებული დარჩება სამუშაოს გარეშე. ”ბიბისის” ცნობით, ეს მაჩვენებელი ბანკის 266 000 თანამშრომლის 10%-ია. ბანკის ხელმძღვანელობა ასევე გეგმავს წამგებიანი ფილიალების დახურვას თურქეთსა და ბრაზილიაში.

”ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ სამყარო იცვლება და ჩვენც მასთან ერთად უნდა შევიცვალოთ. სწორედ ამიტომ დავსახეთ სტრატეგიული ქმედებები, რომელმაც ჩვენი ორგანიზაციის ტრანსფორმირება უნდა მოახდინოს”, - აღნიშნა ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა სტიუარტ გულივერმა.