აჰმედ ეივეიდა: ნუ დაპანიკდებით ყოველთვის, როდესაც ხედავთ ტურისტების რაოდენობის შემცირებას

ნუ დაპანიკდებით ყოველთვის, როდესაც ხედავთ ტურისტების რაოდენობის შემცირებას, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების პროგრამების ხელმძღვანელმა, აჰმედ ეივეიდამ ჟურნალისტებს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" განუცხადა, სადაც ტურიზმის ეროვნული სტრატეგიის შემაჯამებელი შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების პროგრამების ხელმძღვანელმა აღნიშნა, მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობასთან ერთად წარმოადგენს საქართველოს პირველ სტრატეგიას ტურიზმის სფეროში, რომელიც მოიცავს ხედვას 10 წლიან პერიოდზე, კერძოდ 2015 წლიდან 2025 წლის ჩათვლით. "ასევე, განხილულია არსებული მდგომარეობა, რა მონაცემები გვაქვს დღეს, რისი მიღწევა გვინდა, რა სახის სამიზნე ნიშნულები უნდა ჰქონდეს მთავრობას, რომლის მიღწევაც უნდა 2025 წლისთვის. ასევე, ეს მოიცავს სამოქმედო გეგმას, რადგან სტრატეგია სამოქმედო გეგმის გარეშე არაფერს ნიშნავს", - განაცხადა აჰმედ ეივეიდამ.

მისივე თქმით, სტრატეგია შემუშავდა მრავალი დისკუსიის საფუძველზე. უამრავი შეხვედრა გაიმართა ტურიზმის დარგში მომუშავე ყველა უწყებასთან, იქნებოდა ეს სამთავრობო უწყება, თუ კერძო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები. მისივე თქმით, შარშან დიდი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ეს ხედვა და ამოცანები იყო განხილული.  "მთავარი რაც არის ამ სტრატეგიაში, არის ის, რომ ნუ დაპანიკდებით ყოველთვის, როდესაც ხედავთ ტურისტების რაოდენობის შემცირებას იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი ამოცანები. ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველო გადავაქციოთ მასობრივი ტურიზმის ადგილად, რომელიც ზიანს მიაყენებს როგორც საქართველოს ბუნებას, ასევე კულტურულ ძეგლებს, კულტურულ მემკვიდრეობას. მთავარია ხარისხი, რამდენს დახარჯავენ ჩამომსვლელები. მთავარია, რომ ჩვენ მეტი ჩამომსვლელი ჩამოვიყვანოთ უფრო მაღალმხარჯველი ქვეყნებიდან, ეს ერთი, და მეორე, რა წვლილს შეიტანს ტურიზმი მთლიან შიდა პროდუქტებში, რამდენად გაიზრდება სამუშაო ადგილები. ე.ი. მთავარია ხარისხობრივი მაჩვენებლები. ამიტომ ნუ დაპანიკდებით ხოლმე, როდესაც მცირდება ჩამომსვლელთა რაოდენობა", - განაცხადა აჰმედ ეივეიდამ.

ტურიზმის ეროვნული სტრატეგიის შემაჯამებელ შეხვედრას ესწრებიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ქეთევან ბოჭორიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ასევე სხვადასხვა უწყების საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.