საპატრულო პოლიციამ წელს 47 პროცენტით მეტი ჯარიმა გამოწერა

2013 წლის საწყისი ექვსი თვის განმავლობაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო მოქალაქებს 31 106 828 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

ამ მონაცემებს თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ იანვარ-ივნისში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებულ ჯარიმათა საერთო ოდენობის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ავრცელებს.

IDFI-ს ინფორმაციით 2011 წლის ანალოგიურ პერიოდში საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმების ოდენობამ 21 134 952 ლარი შეადგინა, ხოლო 2012 წლის საწყის 6 თვეში – 18 276 641 ლარი.

IDFI-ის ბლოგზე განთავსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2013 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში საპატრულო პოლიციის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებულ ჯარიმათა რაოდენობა 2011 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია 47,2%-ით (9 971 876 ლარით), ხოლო 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 70%-ით (12 830 187 ლარით).