ბიუჯეტის კორექტირებისას, ყველაზე მეტი თანხა შსს-ს და თავდაცვის სამინისტროებს შეუმცირდათ

ბიუჯეტის კორექტირების ფარგლებში, ყველაზე მეტი თანხა შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს შეუმცირდათ. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა. ნოდარ ხადურმა ყველა სახელმწიფო უწყებას შექმნილი სიტუაციის გაგებისთვის მადლობა გადაუხადა. "მინდა მადლობა გადავუხადო კოლეგებს, რომლებმაც გაგებით მიიღეს არსებული პრობლემები. ყველაზე დიდი დანაკლისი ამ თვალსაზრისით განიცადა თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა და ორივე სამინისტრო ამას ძალიან გაგებით მოეკიდა", - განაცხადა ნოდარ ხადურმა სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებაზე საუბრისას.

მისივე ინფორმაციით, ბიუჯეტში ცვლილებები კაპიტალურ და სოციალურ ხარჯებს არ შეხებია და მხოლოდ მიმდინარე ხარჯები შემცირდა. "კაპიტალური და სოციალური ხარჯები არ შემცირებულა და შემცირდა მხოლოდ მიმდინარე ხარჯები. ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ წლის განმავლობაში კაპიტალური ხარჯები პირიქით გავზარდოთ. ჩვენ ვმუშაობთ დონორებთან და მათი თანხების დიდი ნაწილი სწორედ კაპიტალური ხარჯების ნაწილში იქნება მიმართული", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.