"სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 140 მილიონი ლარით მცირდება"

სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 140 მილიონი ლარით მცირდება, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომელმაც მინისტრთა კაბინეტს ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი წარუდგინა. მისივე განმარტებით, შემცირება მიმდინარე ხარჯებს შეეხო, რომელთა დიდი ნაწილიც კაპიტალური პროექტების განხორციელებისთვის იქნება მიმართული.

"ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვიმუშავეთ კოლეგებთან, ამავე დროს გავითვალისწინეთ ის, რაც მოხდა თბილისში 13-14 ივნისს და დღეს წარმოვადგინეთ უკვე პროექტის საბოლოო ვარიანტი. მინდა გითხრათ, რომ ბიუჯეტი საბოლოო ჯამში დაახლოებით 140 მილიონი ლარით მცირდება. ეს შეეხება მიმდინარე ხარჯებს, თუმცა აღნიშნული თანხების დიდი ნაწილი შეიძლება ითქვას, რომ მიმართული იქნება კაპიტალური პროექტების განხორციელებისთვის", - განაცხადა ხადურმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, დღესვე მთავრობას წარუდგენს რამდენიმე განკარგულების პროექტს, რომელიც თბილისსა და მის მიმდებარე სოფლებში სტიქიური უბედურებით მიყენებული ზიანის აღმოფხვრისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის დამატებითი თანხების გამოყოფას ითვალისწინებს.