გასულ და მიმდინარე წელს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციოდ მთავრობამ დაახლოებით 20 მლნ ლარი გამოყო

გასულ და მიმდინარე წელს მომხდარი სტიქიების სალიკვიდაციოდ მთავრობამ დაახლოებით 20 მილიონი ლარი გამოყო, ამის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, მილიონი ლარი წყლულეთის გზის და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაციას მოხმარდება.  "რაც შეეხება 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს, ხდება კორექტირება, რასთან დაკავშრებითად დეტალურ ინფორმაციას ჩვენ გამოვაქვეყნებთ, თუმცა იქამდე მინდა გითხრათ, რომ 71 მილიონი ლარით მცირდება მიმდინარე ხარჯები საქონლისა და მომსახურების მუხლებში, ხოლო დაახლოებით 85 მილიონი ლარით იზრდება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაწეული დანახარჯები, შესაბამისად, უფრო მეტი თანხები მოხმარდება ინფრასტრუქტურას, მათ შორის ჩვენ სამწუხაროდ, გვიწევს სერიოზული თანხების გაღება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ. იცით, რომ მთავრობამ 10 მილიონი ლარი უკვე გამოყო, დღესაც კიდევ დაახლოებით მილიონი ლარი გამოვყავით. გარდა ამისა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და როგორც გასულ, ისე მიმდინარე წელს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციოდ გამოყოფილია ასევე საკმაოდ სერიოზული თანხები - დაახლოებით 20 მილიონი ლარის ოდენობით", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.