სტიქიის გამო თბილისში ბინები გაიაფდება

თბილისში საცხოვრებელი ბინების ფასი დაიწევს, განსაკუთრებით იმ მდინარისპირა ადგილებში, სადაც ხალხი უსაფრთხო ცხოვრებას ეჭვის თვალით უყურებს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, უძრავი ქონების სფეროს სპეციალისტები სტიქიური უბედურებიდან უკვე 10 დღის შემდეგ დაუფარავად აცხადებენ, რომ სტიქიურად სარისკო ზონებში ბინის ფასი საბაზრო ღირებულებას მნიშვნელოვნად ჩამოსცდება.

გარდა იმისა, რომ სტიქია ბინების გაიაფებას გამოიწვევს, შეიცვლება მიდგომაც. უძრავი ქონების სააგენტოების მფლობელები განმარტავენ, რომ 13 ივნისის სტიქიამ მომხმარებლის გემოვნება და მოთხოვნა რადიკალურად შეცვალა. პირველ რიგში, ტრაგედიის შემდეგ მყიდველი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობასა და მდებარეობას, რითიც აქამდე შეიძლება ნაკლებად, ან თითქმის არ დაინტერესებულიყო.

უძრავი ქონების სააგენტო "ბერუკას" დირექტორი ავთანდილ გუგეშაშვილი ამბობს, რომ მყიდველისთვის პრიორიტეტი შეიცვალა და იგი ბინის შეძენისას განსაკუთრებით ფრთხილი გახდა. "ბინის ყიდვის დროს მომხმარებელი შენობის მდგრადობით ისედაც იყო დაინტერესებული, თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი არასდროს ყოფილა. 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ, პრიორიტეტი ახლებურად ჩამოყალიბდა. კიდევ ერთი ცვლილება, რასაც ველოდებით, სტიქიურად აქტიურ ზონებში საფასო ცვლილებაა. ამ ადგილებში უძრავი ქონების ფასი მკვეთრად შემცირდება და საბაზრო ღირებულებისგან დიდად განსხვავებული იქნება. ეს უტყუარი ფაქტია, რასაც ცენტრალური უბნების მოსახლეობა ძალიან მალე შეამჩნევს", - აცხადებს გუგეშაშვილი.

სააგენტო "კიბეს"დამფუძნებელი ნელი გოგუაძე ამბობს, რომ უძრავი ქონების ბაზარზე დამოკიდებულება იცვლება და მომხმარებელს ადვილად ვერ მოატყუებენ. "ხალხი სტიქიის შემდეგ შეშინებულია. ცხადია, ისე არავინ ყიდულობს ბინას, რომ კორპუსის სიმყარით და მდებარეობით არ დაინტერესდეს. ახალი მშენებლობების შემთხვევაში ამას ყურადღება მეტ-ნაკლებად ყოველთვის ექცეოდა. უნდა ითქვას, რომ ძველ, საბჭოურ კორპუსებში მოსახლეობა უფრო დაცულად გრძნობს თავს და ახლის მიმართ ნდობა ნაკლებად აქვს. მით უმეტეს, თუკი მშენებელი საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი. ხშირად მეკითხებიან, ახალია, როგორ ვენდო, რამდენად მყარი კორპუსია და სხვა. ადრეც მიკვირდა, იმ დასახლებებში როგორ ცხოვრობდა ხალხი ან რატომ რისკავდა მშენებლობას. სტიქიის შემდეგ დეველოპერებს სერიოზული პრობლემა შეექმნებათ. განსაკუთრებით გაუჭირდებათ იმ ბინების გაყიდვა, რომელიც სტიქიურად აქტიურ ზონაშია. ნებისმიერი მყიდველი იქ ბინის შეძენისგან თავს მაქსიმალურად შეიკავებს და ეს ფასზეც აისახება. ვფიქრობ, ამ ადგილებში უძრავი ქონების ფასი დაიწევს",- განმარტავს ნელი გოგუაძე.

როგორც აღმოჩნდა, გარეუბნებში მდებარე ბინების შეძენისას, მყიდველი ყველაზე მეტად შენობის მდგრადობითაა დაინტერესებული. მაგალითად, გლდანულაში, ხევთან საცხოვრებელის შეძენას ყველა ერიდება. 2 წლის წინათ იქ წყალმოვარდნის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. მაკლერების ინფორმაციით, უკვე ყოველი ათი მყიდველიდან 7-8 საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობას და მდებარეობას აკვირდება. ეს მაშინ, როცა ტრაგედიამდე მხოლოდ 2-3 ადამიანი აქცევდა ამ ფაქტორს ყურადღებას.

"ყველა მყიდველს თავისი გემოვნება აქვს. ზოგი მცირე ნიუანსსაც ჩაჰკირკიტებს, ზოგისთვის მთავარია, სახლი მოეწონოს და ისე ყიდულობს, რომ კორპუსის სიმყარეზე წარმოდგენა არ აქვს. ასეთი ხალხი ჭკუას ახლა მაინც ისწავლის და მეტ სიფრთხილეს გამოიჩენს. რაც უნდა მოგეწონოს ბინა, შენობის მდგრადობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. თბილისის ტრაგედიამ ბევრ რამეს ნათელი მოჰფინა. გადაუჭარბებლად შეიძლება თქმა, რომ მომხმარებლის ცნობიერებაში გარდატეხა მოხდა. მეეჭვება, სტიქიის შემდეგ ვინმე ისე ყიდულობდეს ბინას, რომ მის მდებარეობას არ აკვირდებოდეს ან კორპუსის სიმყარეს არ ამოწმებდეს. ამისთვის ახლა აღარც შუამავლის და აღარც ბინის მფლობელის ზეპირ ნათქვამს არ ენდობიან, სპეციალურ დოკუმენტს ითხოვენ. კარგი იქნებოდა ამაზე ადრევე ეზრუნათ. ვფიქრობ, მომხმარებლის მოტყუებას ადვილად ვეღარავინ შეძლებს", - განუცხადა "რეზონანსს" ერთ-ერთმა მაკლერმა გია გრძელიძემ.

თბილისში, გლდანში მდებარე ქონების სააგენტოს თანამშრომელი მაია ცინდელიანი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში გლდანულას ხეობასთან მდებარე საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა შემცირდა. ცინდელიანი ფიქრობს, რომ ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ ხალხს გლდანულას ხევის მივიწყებული ტრაგედიაც შეახსენა და ამ ტერიტორიის მიმართ ინტერესი შეასუსტა.

"აქამდე ბინას ყიდულობდა ყველა, ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა და არავინ აკვირდებოდა, რამდენად საიმედო იყო მის მიერ შერჩეული სახლი. მიდგომა აშკარად შეიცვალა, უკვე ყოველი 10 მყიდველიდან 7 ფრთხილობს. 13 ივნისამდე ამაზე ყურადღებას თითქმის არავინ ამახვილებდა. უძრავი ქონების ბაზარზე დამოკიდებულება ერთბაშად შეიცვალა და ამაში ვერეს ტრაგედიამ მნიშვნელოვანი როლი იქონია. საერთოდ, გლდანის ტერიტორიაზე მდებარე ბინები სიმყარით ცნობილია და ვინც აქ სახლის შეძენას ცდილა, რისკზე ნაკლებად ფიქრობდა", - ამბობს ცინდელიანი და დასძენს, რომ ერთ-ერთი გამონაკლისი შეიძლება იყოს გლდანულას ხევი. მართალია, მის ახლომდებარე სახლები დიდ მოწონებას იმსახურებენ, მაგრამ მყიდველი მათ შეძენას მაინც ერიდება.

"ტრაგედია გლდანულას ხეობაში 2 წლის წინათ მოხდა და ხალხს მივიწყებულიც ჰქონდა. ახლა მან უფრო მტკივნეულად შეგვახსენა თავი. არ არის გასაკვირი, რომ მოსახლეობა ამ ადგილს საშიშად მიიჩნევს. მოსახლეობას ვურჩევ, რომ თვითნებურ შეფასებას მოერიდონ და აზრი სპეციალისტებს ჰკითხონ. საცხოვრებელი კორპუსის თუ მიწის ნაკვეთის უსაფრთხოება გეოლოგებმა უნდა დაადასტურონ. კარგი იქნება, თუ ასეთ ცნობებს მოიპოვებენ და დასკვნებს წინასწარ არ გააკეთებენ", - დასძენს დილერი.

უძრავი ქონების ბაზარზე რისკის გათვლას, მომხმარებელთან ერთად, ხელისუფლებაც ცდილობს. დიდი ალბათობით, კანონმდებლობა გამკაცრდება. თბილისის მერის მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა კიდეც, რომ მშენებლობებთან დაკავშირებით კანონმდებლობა გადაიხედება. "შესაძლოა, გადავხედოთ იმ საკანონმდებლო ჩანაწერების გამკაცრებას, რომლებიც ეხება მდინარის ხეობებში განთავსებულ მშენებლობებსა და განსათავსებელ ნაგებობებს. ამ მიმართულებით დავალება უკვე მიცემული აქვთ შესაბამის სპეციალისტებს და არ არის გამორიცხული, ახლო მომავალში საკანონმდებლო ცვლილებებიც ვიხილოთ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"