ათენში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასახადი დროებით გაუქმდა

საბერძნეთის მთავრობამ ათენში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ერთი კვირით გადასახადი გააუქმა. "ბიბისის" ცნობით, ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრი ხრისტოს სპირტზისი აცხადებს, რომ მოქალაქეებს ტრამვაით, ავტობუსითა და მეტროთი უფასოდ მგზავრობის შესაძლებლობა მიეცემათ.

საუბარი იყო ელექტროენერგიის გადასახადის დროებით გაუქმებაზეც, თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობას ჯერ არ მიუღია. ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასახადის დროებით გაუქმების გადაწყვეტილება ბანკების დახურვას და "ბანკომატებიდან" თანხის გატანაზე შეზღუდვების დაწესებას უკავშირდება.

ბანკების დახურვა მოსახლეობაში პანიკის გამო მნიშვნელოვანი ზარალის თავიდან აცილების მიზნით გადაწყდა. საბერძნეთის მთავრობა საერთაშორისო კრედიტორებთან შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებს, რის გამოც, მოსალოდნელია დეფოლტი. მოსახლეობა შიშობს, რომ ისინი ფულის გარეშე დარჩებიან, ამიტომაც ბოლო პერიოდში მოქალაქეების დიდმა ნაწილმა ბანკებიდან დიდი რაოდენობის თანხა გაიტანა.