biletebi.ge-ზე სუპერთასის ბილეთები რიგითობით გაიყიდება

biletebi.ge ბილეთების გაყიდვისთვის მზად არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს biletebi.ge-ს ტექნიკურმა დირექტორმა, გიორგი ჩხიკვიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პრობლემების აღმოფხვრაში ჩართულნი იყვნენ უეფა-ს სპეციალისტებიც და უეფა-სგან biletebi.ge-ს ბილეთების გაყიდვაზე "მწავნე შუქი" აქვს. რაც შეეხება ბილეთების გაყიდვის წესს, როგორც ჩხიკვიშვილმა განაცხადა, ბილეთები გაიყიდება რიგითობით. "საიტზე ერთი წუთის განმავლობაში 50 ადამიანი შევა. ბილეთები გაიყიდება რიგითობით. საიტზე შემოსულ ადამიანს მიენიჭება რიგის ნომერი და ეცნობება სავარაუდო დრო, თუ როდის შეძლებს ბილეთის ყიდვას. ერთ ადამიანს მაქსიმუმ 4 ბილეთის ყიდვა შეეძლება", - განაცხადა ჩხიკვიშვილმა.

მისივე თქმით, შექმნილი პრობლემების გამო კომპანიას უეფა-სგან არანაირი სანქცია არ დაწესებია. მისივე თქმით, უეფა-ს ამ დროისთვის ასანაზღაურებელი აქვს სამუშაოებისთვის განკუთვნილი 45 000 ევრო.