"სტიქიის დროს კერძო პირების დაზღვეული ტრანსპორტის ზარალის 70% ანაზღაურებულია"

კერძო პირთა დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზარალი 551.511. ლარს შეადგენს და აქედან 70% ანაზღაურებულია, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა იოსებ გოგოლაშვილმა და სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტმა დევი ხეჩინაშვილმა განაცხადეს.

მათ 13 ივნისს მომხდარი სტიქიის მიერ მიყენებული ზარალი სადაზღვევო კუთხით შეაჯამეს, სადაზღვევო კომპანიების მიერ გატარებული სამუშაოები და ის, თუ როგორ მიმდინარეობს კერძო თუ იურიდულ პირთათვის ანაზღაურების პროცესი. მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ზარალმა 4.239.722 მილიონი ლარი შეადგინა. კერძო პირთა დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზარალი 551.511 ლარს შეადგენს და აქედან ანაზღაურებულია 70%. იურიდიულ პირთა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზარალი 662.104 ლარს შეადგენს და ანაზღაურებულია 40%.

"რაც შეეხება კერძო თუ იურიდიული პირების ქონების ზარალს, იურიდულ პირებზე ზარალი 2.790.940 ლარია, ხოლო კერძო პირებზე - 235.126 ლარი. ეს არის სადაზღვევო კომპანიების მიერ განცხადებული ზარალი, მიმდინარეობს აქტებზე ხელმოწერა და ქონების ზარალის ანაზღაურება მოხდება მხოლოდ ზუსტი აღრიცხვის შემდეგ", - განაცხადა გოგოლაშვილმა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობაა 121, დაზღვეული ქონება - 82, ჯამში კი - 203 შემთხვევა.