მსოფლიო ბანკს და აზიის განვითარების ბანკს კონკურენტი გამოუჩნდა

57-მა სახელმწიფომ "აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი" დააარსა. შესაბამის ბრძანებას ხელი პეკინში საგანგებო ღონისძიებაზე დღეს მოეწერა. ახალი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეებს შორის ინდოეთი, რუსეთი და გერმანიაცაა. მათ ერთგვარ ხელმძღვანელობას ჩინეთი უწევს. აშშ-მა და იაპონიამ კი ახალ პროექტში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

"აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის" კაპიტალი 100 მილიარდი დოლარია. ჩინეთი ახალ საფინანსო ინსტიტუტში ყველაზე დიდ წილს 20,06 პროცენტს ფლობს, რაც მას გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვეტოს გამოყენების უფლებას აძლევს. ინდოეთზე წილის 7.5% მოდის, რუსეთზე - 5.9%, ხოლო გერმანიაზე - 4.1%.

ანალიტიკოსების მოსაზრებით, ახალი ბანკი მსოფლიო ბანკს და აზიის განვითარების ბანკს კონკურენციას გაუწევს. თუმცა, გერმანული, ბრიტანული, ფრანგული და სხვა მონაწილე მხარეები ამბობენ, რომ "აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი" უკვე არსებული ფინანსური ინსტიტუტების შემავსებელი ორგანო იქნება იმისათვის, რომ აზიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება უზრუნველყოფილი იყოს. ახალი საერთაშორისო ბანკის მმართველად შესაძლოა, ჩინეთის ფინანსთა ყოფილი მინისტრი, ცზინ ლიციუნი დაინიშნოს.

ბანკის სათაო ოფისი პეკინში განთავსდება, იგი ფუნქციონირებას 2015 წლის ბოლოს ან 2016 წლის დასაწყისში დაიწყებს.