საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი: საბერძნეთი დღეს სავალუტო ფონდს ვალს არ გადაუხდის

საბერძნეთი დღეს საერთშორისო სავალუტო ფონდს ვალს არ გადაუხდის, - ამის შესახებ "როიტერის" ცნობით, საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა, იანის ვარუფაკისმა განაცხადა.

ათენს დღეს ბოლო დღე აქვს იმისათვის, რომ 1,6 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი გადაუხადოს სავალუტო ფონდს. ათენში მთელი დღეა მთავრობის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს მართავენ.  ევროკომისიამ ბერძნულ მხარეს ახალი წინადადება შესთავაზა, კერძოდ, თუ ათენი დათანხმდება საერთაშორისო კრედიტორების წინადადებას რეფორმების გატარების შესახებ, მაშინ იგი 1,6 მილიარდი ევროს გადახდისგან თავისუფლდება.

ევროზონის ლიდერების წინადადების შესახებ საბერძნეთში 5 ივლისს რეფერენდუმი ჩატარდება. რეფერენდუმზე მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, უჭერენ თუ არა ისინი მხარს ქვეყანაში მკაცრი ეკონომიკური რეფორმების გატარებას, რასაც საერთაშორისო კრედიტორები ფინანსური დახმარების ნაცვლად ითხოვენ. იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი ევროზონის წინადადებას დათანხმდება, პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი თანამდებობის დატოვებით იმუქრება. თავის მხრივ ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ თუ ხუთი ივლისის რეფერენდუმზე ბერძენი ამომრჩეველი საერთაშორისო კრედიტორების წინადადებას მხარს არ დაუჭერს, მაშინ საბერძნეთს ევროზონის დატოვება მოუწევს.