რა რისკი ახლავს თან თბილისი 2015-ის ჩატარებას?

"მთავარია, საქართველომ სტუმრებს ღირსეულად უმასპინძლოს და ფესტივალისგან მოგებაც მიიღოს"

26 ივლისიდან 2 აგვისტომდე თბილისმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უნდა უმასპინძლოს. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ღონისძიება ჩვენს ქვეყანაში ტურისტების მომრავლებას და უცხოური ვალუტის შემოდინებას შეუწყობს ხელს, თუმცა ისტორიას საპირისპირო ფაქტებიც ახსოვს, როდესაც სახელმწიფომ ზუსტად ვერ გათვალა მოსალოდნელი ხარჯები და მოგების ნაცვლად წაგებული დარჩა. ამის კარგი მაგალითია პეკინის 2008 წლის ოლიმპიადა, რომლის ორგანიზებისთვის 1,6 მილიარდი დოლარი იყო დაგეგმილი, მაგრამ საბოლოო დანახარჯებმა 40 მილიარდს მიაღწია, ასევე - 2014 წლის სოჭის ოლიმპიადა, რომლის ჩატარებაც რუსეთს წინასწარ დაგეგმილი 12 მილიარდის ნაცვლად 30 მილიარდი დაუჯდა. მსგავსი რამ არაერთხელ მომხდარა და ბუნებრივია, მოსალოდნელი ზარალის რისკი ჩვენთანაც არსებობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, თბილისში ოლიმპიადის სტუმრებისთვის განკუთვნილი საწოლი ადგილების რაოდენობა 7 400-ს აჭარბებს, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ გაცილებით მეტი სტუმარი გვეყოლება. ზოგიერთი ვერსიით, შესაძლოა ვიზიტორთა რაოდენობამ 10 000-საც გადააჭარბოს. ამ ადამიანებს ღირსეული დახვედრა სჭირდებათ, ამიტომ მათი მიღებისა და განთავსების საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანია. შეძლებს კი ჩვენი დედაქალაქი სტუმრებს ღირსეულად უმასპინძლოს და ამავე დროს, ფესტივალისგან მოგებაც მიიღოს?

ფესტივალის სტუმრების სოლიდური ნაწილი "ჰუალინგ ჯგუფის" მიერ აშენებულ ოლიმპიურ სოფელში დაბინავდება. როგორც კომპანიის საზოგადებასთან ურთიერთობის მენეჯერი თიკო შიშინაშვილი ამბობს, ოლიმპიურ სოფელში მთავარი სამუშაო უკვე დასრულებულია.

"თბილისი 2015 თანდათან ახლოვდება და ამ ღონისძიებისთვის ჩვენ საგულდაგულოდ ვემზადებით. 3 800 სპორტსმენს ველოდებით. სტუმრებს უნდა დავახვედროთ ოლიმპიური სოფელი, სადაც მათთვის უკვე მზად არის საცხოვრებელი ბინები და ინფრასტრუქტურა. მათი ბინების კეთილმოწყობა თითქმის დასრულებულია და ახლა საბოლოო დეტალების დახვეწა მიმდინარეობს. სულ მალე ცხრა კორპუსი გადაეცემა ოლიმპიურ კომიტეტს, რომელიც ამ კორპუსებს საჭიროების მიხედვით გამოიყენებს. ბინები უკვე აღჭურვილია ავეჯით, თეთრეულით და ყველაფრით, რაც საჭიროა. ყველაფერი ისე გაკეთდა, როგორც ოლიმპიურმა კომიტეტმა დაგვიკვეთა - პირველ სართულზე განთავსებულია ოფისები, საკონფერენციო ოთახები. ამავე ტერიტორიაზე იქნება მედპუნქტი, ასევე 2 ათას ადამიანზე გათვლილი რესტორანი, საცურაო აუზი და 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო. რასაკვირველია, ფესტივალის ყველა სტუმარი აქ, ოლიმპიურ სოფელში ვერ დაბინავდება, მაგრამ მათი მიღება და დაბინავება ოლიმპიური კომიტეტის პრეროგატივაა", - აღნიშნა თიკო შიშინაშვილმა.

თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსი ახვლედიანიც აცხადებს, რომ ოლიმპიადისთვის მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ყველაფერი რიგზეა. მისი თქმით, თბილისი მზად არის მაღალ დონეზე უმასპინძლოს ოლიმპიურ თამაშებს. მიუხედავად 13 ივნისის ტრაგედიისა, ფესტივალი სტიქიას გადაურჩა.

"დროზე ესწრება ახალი სპორტის სასახლე, სადაც ხელბურთის შეჯიბრებები ჩატარდება. ამჟამად ყველა სპორტული არენა პრაქტიკულად დასრულებულია. მართალია, იყო მცირე დაზიანებები, მაგრამ ყველაფერი გამოსწორდა", - აღნიშნა ალექსი ახვლედიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ეკონომისტებიც მიიჩნევენ, რომ თუ ყველაფერს სწორად გავთვლით, ფესტივალი სასიკეთოდ იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე, განსაკუთრებით კი, ტურიზმს გამოაცოცხლებს. მათ შორისაა ექსპერტი სოსო არჩვაძე.

"დავიწყოთ იმით, რომ ნებისმიერი ასეთი ღონისძიება მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის ცნობადობას. შესაბამისად, მსოფლიოში ამ ქვეყნისადმი ინტერესიც იზრდება. სპორტულ ღონისძიებებს თან ახლავს ტურიზმის განვითარება, რაც დადებითი ეფექტის მომტანია. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ეს ინვესტიციების მოზიდვას და ქვეყნის წინსვლას გულისხმობს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში არსებულმა ზოგადმა ფონმა შეიძლება გაზარდოს, ან შეამციროს სარგებელი, რასაც ამ ოლიმპიადისგან ველოდებით. მე გაგახსენებთ 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადას, რომელიც ავღანეთში საბჭოთა ჯარების შესვლის შემდეგ დაიწყო. მაშინ ამ ოლიმპიადას ბევრმა ქვეყანამ ბოიკოტი გამოუცხადა და საბჭოთა კავშირს რა სარგებელიც უნდა მიეღო, იმის ნახევარიც ვერ მიიღო, ამიტომ, სასურველია, რომ აქ ჩამოსულ სტუმრებს ქვეყანაში თბილი და ჯანსაღი სიტუაცია დახვდეთ", - განუცხადა bpn-ს სოსო არჩვაძემ.

მისივე თქმით, ზამთრის ოლიმპიადები გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე ზაფხულისა იმიტომ, რომ ზამთარში დანახარჯი ერთ სპორტსმენზე, ან ერთ ტურისტზე გაცილებით მეტია, თუმცა ამჟამად ჩვენი ხარჯები არც ისე დიდია, რომ ქვეყნის ფინანანსურ სტაბილურობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს, ამიტომ ყველაზე მთავარი სწორი გათვლებია.

"ადამიანი სახლიდან რომ გადის, მაშინაც უნდა დაითვალოს, რა თანხა უდევს ჯიბეში და რისი საშუალება აქვს. ჩვენმა სახელმწიფომაც ყველაფერი უნდა დათვალოს და თუ ეს ოლიმპიადა მოგებას ვერ მოგვიტანს, მაშინ აუცილებლად უნდა გამოვძებნოთ რესურსები, რომლითაც მიყენებულ ზარალს შევავსებთ. რასაკვირველია, სტუმრების დაბინავებაც სერიოზული საკითხია, რადგან თბილისს ისედაც აქვს პრობლემები სასტუმროებთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, მე არა მგონია ეს პრობლემა შეიქმნას: ვფიქრობ, რომ კერძო სექტორიც მიიღებს მონაწილეობას მათ დაბინავებაში. სტუმარი ღვთისააო - ამბობენ საქართველოში, ჩვენთან სტუმრის მიმართ სულ სხვა დამოკიდებულებაა და არა მგონია მათი მიღება და მასპინძლობა გაგვიჭირდეს. მთავარია, ინფრასტრუქტურა და სერვისები იყოს სათანადოდ მოწესრიგებული. ამასთანავე, ჩვენგან საგანგაშო ცნობები არ უნდა გადიოდეს, სტუმრებს ის კი არ უნდა ეგონოთ, რომ თბილისის ცენტრში ვეფხვები და ბეჰემოთები დასეირნობენ, არა - მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არის ქვეყანა, რომელსაც აქვს უძველესი კულტურა, ტრადიციები და აქ ბევრი რამის ნახვა და დათვალიერება შეიძლება. ახლა მთელი საზოგადოება უნდა მოემზადოს, რომ ფესტივალის სტუმრების მიმართ თბილი და გულისხმიერი დამოკიდებულება ჰქონდეს და ყველაფერმა კარგად ჩაიაროს", - განაცხადა სოსო არჩვაძემ.

ხათუნა ჩიგოგიძე